წმიდა ეფრემ ასური
52 მაცხოვნებელი სიტყვა
მე-45 კვირა: ჩვენი ცოდვები ეშმაკისათვის განმზადებულ სატანჯველთა მონაწილეებად გაგვხდიან
ჩვენთვის, თუკი არ შევინანეთ, გეჰენიაა განმზადებული, დაუშრეტელი ცეცხლი, კბილთა ღრჭენა, უკუნი წყვდიადი, დაუძინარი მატლი და ცეცხლით მოტყინარე, მსაჯულის წინაშე მსწრაფლ-წარმავალი საშინელი მდინარე, რომლებითაც კაცთმოყვარე უფალი გვემუქრება, თუკი არ აღვასრულებთ ღმერთის მცნებებს, თუკი წინდაწინ არ გადავღვრით ცეცხლზე ჩვენი სინანულის ცრემლებს, თუკი გულშემუსრვილობით ცოდვათა გამო არ დავაქრობთ გეჰენიას, თუკი კეთილკრძალულებით არ მოვაკვდინებთ დაუძინარ მატლს, თუკი თავს არ შევავედრებთ სავსებით უცთომელ, სამართლიან მსაჯულს, ვიდრე ჯერ კიდევ ამ ქვეყნად მყოფნი, ამ ცხოვრებაშივე არ ვუჩვენებთ მას ისეთ სინანულს, რომელსაც ერთადერთს ძალუძს მისი მოწყალებად აღძვრა და ჩვენი ხსნა. ღმერთმა ჩვენთვის კი არა, ეშმაკისა და მისი დემონებისათვის განამზადა სატანჯველნი, ჩვენ კი, საკუთარი უდიდესი მანკიერებებით, თავადვე ვაქცევთ თავს ამ საშინელ სატანჯველთა დამამკვიდრებლად, და რაც მძვინვარე, მზაკვარ გველს ემუქრებოდა, იმას ნებაყოფლობით დავითმენთ. რამეთუ უფალი ამბობს: „წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი განმზადებულ არს ეშმაკთათვის და ანგელოზთა მისთათვის“! (მათე 25, 41); და არა – ადამიანთათვის განმზადებულ ცეცხლშიო. და თუკი აქ, ქვეყნად ბოროტად მომქცევი ადამიანები აწინდელ ცხოვრებაშივე ეწევიან ხოლმე სასჯელთა ესოდენ სიმკაცრესა და აღურაცხელ სახეობებს, განა მით უფრო შეუბრალებელი არ იქნება მომავალი საუკუნეში უცთომელი და მოუსყიდველი სამსჯავრო ჩვენს, ცოდვილთა მომართ, ეგზომ რომ ბოროტისვმოქმედებთ მსაჯულის წინაშე! |