მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა ეფრემ ასური

 

52 მაცხოვნებელი სიტყვა

 

მე-44 კვირა: ერიდე ბოროტსიტყვაობას და ნურავისთან გექნება მტრობა!

 

ნუ იცხოვრებ ერთს სახლში ბოროტის მესიტყვეებთან ერთად, რადგან „მაგინებელთა სასუფეველი ღმრთისაი ვერ დაიმკვიდრონ“ (I კორინთელთა 6,10). ნურასდროს ნუ დაუმეგობრდები მწვალებლებს, ნუ ჭამ და ნუ დალევ მათთან ერთად, ნუ იქნები მათი თანამგზავრი გზაზე, რამეთუ მათ ყველაფერი არაწმიდა აქვთ, უკლებლივ, როგორც პავლე ამბობს: „შეგინებულთა და ურწმუნოთა არარაი არს წმიდა, არამედ შეგინებულ არს მათი გულიცა და გონებაიცა“ (ტიტე 1,15). თუკი შესაძლებელია, ერთი ჟამითაც ნუ გექნება მტრობა ნურავისთან; არასდროს არ მიხვიდე ძილად ისე, რომ ვინმესთან მტრობა გქონდეს გულში, რათა უმოწყალო განკითხვას არ ეწიო! თუ შესაძლებელია, არასდროს შეწყვიტო განცხადებული ლოცვა, ხოლო როცა ეს არ ძალგიძს, – გონებით ილოცე! ნუ დაელოდები კვირა დღეს, ნუ დაუწყებ ძებნას განსაკუთრებულ ადგილსა თუ ეკლესიას; არამედ სადაც უნდა იმყოფებოდე – ველად ხნავდე, გზას ადგე, ცხოვართ მწყემსავდე თუ სახლში იჯდე, – ნუ დააგდებ ლოცვას, მოუკლებლად ილოცვიდე!

იხილე, საყვარელო, ნურავისთან ნუ გექნება მტრობა: ღმერთი არ შეიწყნარებს ლოცვას იმ ადამიანისაგან, ვისაც სძულს თავისი მოყვასი, განერიდე საწამლავის შეზავებას, გრძნეულებით შელოცვას, მკითხაობას, ივლტოდე ყოველივე ამისაგან, რამეთუ შენ თვით ჭეშმარიტება გაქვს, მაცხოვნებელი და ცხოველმყოფელი ჯვარი და მასზე მიმსჭვალული უფალი გყავს, რომელიც ყველას იფარავს, ვისაც კი ყოვლადწმიდა და მაცხოვნებელი ჯვარი უყვარს.