მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა ეფრემ ასური

 

52 მაცხოვნებელი სიტყვა

 

მე-43 კვირა: ჯერ-არს, გამუდმებით ვიოკებდეთ თავს არაწმიდა სურვილთა გამოვლენაში

 

ზოგჯერ თავადვე ვაძლევთ მტერს ისრებს ჩვენზე თავდასასხმელად, როცა უძლურნი, გაუფრთხილებლად ვიქცევით და არ შემოვიზღუდავთ ჩვენს სულიერ სარკმელთ. მაშინ განა ჩვენი ცხოვნების მტრებადვე არ შევიქმნებით, ვაძლევთ რა მოწინააღმდეგეთ თავისუფლად შემოსვლის უფლებას?! ოდეს შიშის გარეშე აღვიპყრობთ თვალთ და ვუყურებთ იმას, რისი ნახვაც უჯეროა, მაშინ, როდესაც სათნოებაში გამოცდილისათვის არა ჯერ-არს, შიშის გარეშე თავის საქმეთაც კი უყურებდეს, – ამით ჩვენ ზიანს ვაყენებთ საკუთარ თავს. და კვლავაც, როცა ჩვენს სასმენელთ უაზრო ჭორებს ანდა გარყვნილ სიმღერებს მივაპყრობთ, განა ზიანს არ ვაყენებთ თავს? მსგავსადვე, თუკი ჩვენს ბაგეებს სხვათა დაძრახვითა და ბილწსიტყვაობით შევბღალავთ და აღვირს არ აღვასხამთ ჩვენს ენას, მაშინ ჩვენზე აღსრულდება წერილი:

„და ენაი ეგრეთვე ცეცხლ არს, სამკაული სიცრუისაი. ენაი დადგრომილ არს ასოთა შინა ჩვენთა, რომელი შეაგინებს ყოველსა გუამსა და აღაგზნებს ურმის თვალსა მას შესაქმისასა და აღგზნებულ არს გეჰენიისაგან“ (იაკობი 3,6).

ასევე, როცა ჩვენს ყნოსვას საცხებითა და სუნამოებით ვიღიზიანებთ, ხელებს უწესოდ ვკიდებთ იმას, რისი ხელის ხლებაც არა-ჯერარს, ხოლო ფეხით უსწორო გზებს ვადგებით, – თუკი ყოველივე ამას ჩავდივართ, მაშინ როგორ შეგვეძლება, კეთილკრძალულების დრაქმა შევწიროთ უფალს, როცა თავშეკავებითა და მხნე დაშვრომით არ მოგვისწორებია თვით პირი მიწისა?! ჩვენ პასუხის მიცემა მოგველის გულთა გამომცდელთათვის მასზედ, თუ როგორ შევინარჩუნეთ, როგორ დავიცავით ჩვენდა მონდობილი ტაძარი. უდიდესი იქნება მაშინ სირცხვილი და მკაცრი სამსჯავრო იმ ადამიანისათვის, ვისაც სიწმიდით არ შეუნარჩუნებია უფლის ტაძარი. თუკი შენდობას არ მივიღებთ, თუკი სინანულითა და ცრემლებით არ განვიბანებით და არ ჩამოვირეცხავთ ჩვენს სიბილწეებს, – ჩვენც ამას ვეწევით.