წმიდა ეფრემ ასური
52 მაცხოვნებელი სიტყვა
მე-42 კვირა: მიბაძე მართალთ!
სანამ ჯერ კიდევ არის დრო, ჩემო საყვარელო ძმებო, ვიტიროთ ჩვენს ლოცვებში, რათა უფალმა განგვარინოს დაუსრულებელი გოდება-ტირილისაგან, კბილთა ღრჭენისაგან, გეჰენიის ცეცხლისაგანაც, და აღგვავსოს ჩვენ სიხარულით დაუსრულებელ ცხოვრებაში, საიდანაც განდევნილა სნეულება, მწუხარება და ოხვრა-კვნესა; სადაც არ არის სიკვდილი, არც ხრწნილება, არამედ ყველგან სიხარული, მხიარულება, აღტაცება და სხვა სიკეთენია, რომელნიც განუმზადებია ღმერთს მოყვარეთა მისთათვის. სამგზის ნეტარია ის, ვინც ღირს-ქმნილა ამ სიკეთეებით დამტკბარიყო, და საწყალობელი და შეჩვენებულია მოკლებული ყოველივე ამას, იმიტომ, რომ უფალი ამობს: „რა სარგებელ არს კაცისა, უკუეთუ შეიძინოს სოფელი ესე ყოველი და სული თვისი იზღვიოს?“ (მარკოზი 8,36). ამიტომ, დაე, ტკბილად ნუ მოგვეჩვენება ეს მზაკვარი და ამაო წუთისოფელი, რათა მწარედ არ გვექმნას დაუშრეტელი ცეცხლი, საუკუნო და დაუძინარი მატლი. აღსდეგ, მცონარო და შენი ცხოვრებით ქრისტეს მიბაძე! შეხედე შენს ირგვლივ მცხოვრებთ – როგორ იღვწიან, როგორ მოსაგრეობენ ისინი და ვითარ დაშვრებიან თავიანთი ცხოვნებისათვის; როგორი ნათელია მათი ლამპარნი და როგორ მარადის გალობით ადიდებენ ისინი უკვდავ ღმერთს! დაბნეულთ, გონებაგაფანტულთ კი არ მიბაძო, არამედ – მოსაგრეთ; არა შვებასა და ფუფუნებაში მყოფთ, არამედ – მარხულთ მიბაძე; არა ცხენით მოჭენავეთ, მხლდომთ, არამედ – მლოცველთ; არა მოცინართ, არამედ – მოტირალთ, არა ეშმაკისმიერ სიმღერათა მღერალთ, არამედ – სულიერი სიტყვების მგალობელთ! მოშურნე იყავ არა განმდიდრებადთა, არამედ სულით თავმდაბალთა და მორჩილთა! |