წმიდა ეფრემ ასური
52 მაცხოვნებელი სიტყვა
მე-41 კვირა: ღმრთის შეწევნა ბანგვაძლიერებს ცოდვასთან ბრძოლაში
არ არსებობს შენი სიუხვეების მსგავსი! – ისინი კეთილთაც მოეფინებათ და ბოროტთაც. კეთილმსახურთაც და უკეთურთაც დაეპკურება შენი მადლის ნამი და ბოროტთა ზედაცა აღმოხდების მზე შენი. ვის ძალუძს, შენი სახიერების უარყოფა? შენი წვიმა, უფალო, უმართლოთა ზედაცა გადმოიღვრება. ვინ არ აღიაროს შენი მოწყალება? დაე, აღმომიბრწყინდეს მე შენს სიუხვეთა მზე, რომელსაც ვერ ეწევა ვერანაირი ბნელი! გარდამოავლინე ჩემზე შენი მოწყალების დიადი წვიმა, რომელიც სიბილწეთაგან განწმედილია! არასდროს არ წაიბორძიკებს ის, ვისი საყრდენიც შენ ხარ, უფალო: არასდროს არ დაეცემა ის, ვინც შენზეა დამყარებული. ვისაც შენ ჰყავხარ თვალთა წინ, იმას ვერ აცდუნებს ვერანაირი ცოდვა: ვინც სულ შენ შემოგყურებს, იმას ვერაფერი აღუშფოთებს სულს. ვისაც შენ უყვარხარ, უფალო, მისთვის სრულიად მოძაგებულია მთელი ქმნილება. შენდამი აღაპყრო იოსებმა მზერა ბილწი დედაკაცის საძილე ოთახში, და არ შერყეულა მისი სიბრძნე და უბიწოება. სამსონი კი დაცემამდე მიიყვანა დალილამ და ყველა მისი მხნე გმირობის საქმენი არარად იქცნენ. მომმადლე მე, უფალო, იოსების მსგავსად, შენ გჭვრეტდე ჩემი სულის საუნჯეში – ქორედში – და განვეშორო იმგვარ დაცემებს, რომლებშიც სამსონი შთავარდა! შენ იყავ ჩემი გზა, რომელზეც მე ვივლი, და დაფარული, შეკრძალული ტაძარი, რომელსაც მე შევეფარები მზაკვრისაგან, ჩემს წინაშე რომ აღზევებულა და თითოეულ ჩემს ნაბიჯს უდარაჯებს. |