მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა ეფრემ ასური

 

52 მაცხოვნებელი სიტყვა

 

მე-40 კვირა: ფიქრი საშინელ სამსჯავროზე

 

გავიხსენე მე ჩემი სიბილწენი და შევძრწუნდი; შიშის ზარმა მომიცვა მე, იმიტომ, რომ ტანჯვა მომელის სამართლიანი სამსჯავროს დღეს, როცა მსაჯული ყოველთა სამყაროთა თავის საყდარზე დაჯდება და შემცოდენი ყველა თავისი ბრალეულობით წარსდგებიან, იქ, სამსჯავროზე, მის წინაშე. მაშინ შემიწყალე მე, ყოვლადმოწყალეო! ნუმც განმიკითხავს მე შენი სიმართლე, უფალო! მოწყალე ხელისმპყრობელი იყავ ჩემდა, ბოროტის მოქმედისა, რათა ვაქებდე სახიერებასა შენსა, უფალო!

საშინელია შენი სამსჯავრო, საზარელია შენი სასჯელი, უფალო, ყოველთა ქმნილებათა! ვის შეეძლება, დაითმინოს, ოდეს ზე-დაჯდე შენ საყდარსა ზედა თვისსა და როცა მაღლა დაიგრგვინებს რქა და ხმას გამოსცემს საშინელი საყვირი? იმ დღეს, ნეტამც დაე, ჩვენთან ერთად აღავლინონ ვედრება ცამაც და ქვეყანამაც, და ყოველივემ, რაც კი არის მათში! და შენმა სხეულმა, რომელი მოგვეც ჩვენ საჭმელად, და შენმა ნათლისღებამ, რომლითაც შეგვმოსე ჩვენ, დაე, დაგვიცვან ჩვენ სამსჯავროზე და გვიხსნან გეჰენიის ტანჯვისაგან! ჩვენი ლოცვა-ვედრების ხმა ირეკს შენს კართა ზედა, მოწყალეო. ნუ უარყოფ შენი თაყვანისმცემლების თხოვნას ყოველივეში, რაც აუცილებელია მათთვის! ცრემლთაღვრით შემოგღაღადა შენ ცოდვილმა დედაკაცმა და მიიღო შენგან ცოდვათა მოტევება. ვიცით, რომ შეგცოდეთ, ხოლო უსჯულოებანი ჩვენნი დღითიდღე განმრავლდება. შენი მოწყალებით შეგვიბრალე ჩვენ, ძეო სახიერისაო, და შენი უსუპით განგვწმიდე ჩვენ ყოვლისაგან ცოდვისმიერი ბიწისა!