წმიდა ეფრემ ასური
52 მაცხოვნებელი სიტყვა
მე-39 კვირა: მაცხოვრის ჯვარი ჩვენი მტკიცე სასოებაა ცხოვნებისათვის
ჰოი, ყოვლადსახიერო, შენი მადლის სასოებით განამტკიცე ჩემი საწყალობელი სული, რომელიც მოუძლურებულია და საბოლოოდაა გამოფიტული უმართლობისა და ცოდვის უმძიმესი სნეულებებით, და მხოლოდ შენი სასოებით სულდგმულობს, იმედოვნებს რა, შენში ჰპოვოს ნუგეში. ცეცხლოვანი ზღვა მძაფრად მაშფოთებს და შემაძრწუნებს მე, და ვძრწი ჩემს მიერ აღსრულებულ ბოროტ საქმეთა გამო. დაე, ხიდად მექმნას მასზე შენი ჯვარი, ძეო ღმრთისა ცხოველისაო! დაე, სირცხვილეული, განზე განდგეს შენი სხეულისა და შენი სისხლის წინაშე გეჰენია! მწუხარებანი და სნეულებანი, რაც კი დამითმენია აქ, ამქვეყნად, ოდენ წინასწარი გემებაა მომავალი დაუსრულებელი სატანჯველებისა; როგორც აქ ვევნებოდი სნეულებისაგან, ასევე იქაც ჩემი ცოდვები სატანჯველად შთამაგდებენ მე! შენ, უფალო ყოველთაო, შენი მოწყალებით მექმენ მე ცხოვნების ნავთსაყუდლად და შეწევნის თავშესაფრად! გევედრები შენ, მაცხოვარო, რომელმან კეთილად ინებე, მსხვერპლად შეწირულიყავი ჩვენთვის; მოაკვდინე ცოდვა, რომლითაც ჩემი (არსების) ყველა ნაწილია მოწყლული, და სათნო-იყავ, თავად დამკვიდრდე მათში. გადმოღვარე ჩემზე შენი სიუხვევები და განმარინე მე საუკუნოდ ტანჯულთა ხვედრისაგან! |