| |
წმიდა ეფრემ ასური
52 მაცხოვნებელი სიტყვა
მე-38 კვირა: სინანული ოდენ სიტყვით კი არა, საქმითაც უნდა აღესრულებოდეს
დავასწროთ, ძმებო, ჩვენი სულების მიმტაცებელს და სინანულს შევუდგეთ! განვიღვიძოთ ჩვენი მცონარების ძილისაგან და მოვიშოროთ არაგულმოდგინების სიმძიმე, ხელნი აღვიპყროთ შემძლესაკენ, გვისხნას ჩვენ და შევღაღადოთ: იესო ქრისტე, გვიხსენი, ვიღუპებით! ვიჩქაროთ, ძმებო, უდიდესი აჩქარება გვმართებს, რათა დროულად მივასწროთ და, კართა ზედა მიმდგართ და მრეკავთ, არ გვესმას: არ გიცით თქვენ! შევწყვიტოთ ბოროტ-სიტყვაობა, ერთურთის წყენა და სიძულვილი! თავი გავანებოთ სიმდიდრის შეგროვებას და ნუ მივეცემით გარყვნილებას! ლოცვებში, მარხვასა და სინანულში განვლიოთ დრო! ვაღიაროთ ჩვენი ცოდვები;
შევინანოთ, იმიტომ, რომ (ახლა) დროა სინანულისა და უხვი ცრემლებისა; წარმოვაჩინოთ ღმერთის წინაშე ზრუნვით აღსავსე სინანული; ვაჩვენოთ, რომ ვფიქრობთ სამსჯავროს დღეზე; რომ ცოდვა უკვე საძულველი შექმნილა ჩვენთვის; რომ ჩვენი განზრახვები გამოვასწორეთ, მცირეოდენ დავშვრეთ აქ, რათა იქ დიდად არ ვიქმნეთ დასჯილნი! დროებით ვისაგროთ, რათა საუკუნოდ არ ვიტანჯოთ! დრო-ჟამი ახლოა, სამსჯავრო კი ხანგრძლივი;
დასასრული მოახლოებულია – შიში დიდია, და მისგან ვერავინ გაგვათავისუფლებს. ვაი, მცონარს იმიტომ, რომ დაიწვება რა ცეცხლის ალში, ერთ წვეთ წყალს მოისურვებს, და ვერ იპოვის! ვაი, ურწმუნოს, იმიტომ, რომ სამარადისო სასჯელი ეწევა მას! ვაი, შეუნანებელს, იმიტომ, რომ მკაცრ მსაჯულს წარუდგება იგი! ნუღარ დავინდობთ ჩვენს სხეულს, არამედ გავთანგოთ იგი, იმიტომ, რომ ნეტარ იყვნენ მტირალნი, მშიერნი და მწყურვალნი! ჩვენი სხეული – მიწაა, მტვერია. მოვალს ჟამი, და მიწა – მიწადვე მიიქცევა, მტვერი კვლავაც მტვერი გახდება.
მაშ, ვაიძულოთ თავი და მოვემზადოთ, სანამ ეს ჟამი დაგვიდგებოდეს!
|
|