მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა ეფრემ ასური

 

52 მაცხოვნებელი სიტყვა

 

მე-37 კვირა: ამაოების მოყვარულთ მარადიული სატანჯველი მოელით

 

უსჯულოებათა და ცოდვათა ზღვაში დავინთქმები მე, უფალო, მზაკვარის ბადეში გავბმულვარ, განშორებული შენს გზას. უზომოდ ვიტანჯები მე, უფალო, და ძალზე დათრგუნული ვარ; არა მყავს შემწე და განმარინებელი და შენ შემოგღაღადებ აწ, უფალო, სიმონ-პეტრეს მსგავსად, რომელმაც შენ შემოგღაღადა შეწევნად ზვირთებს შორის, ჩემიც ისმინე: აღმომიყვანე მე უსჯულოებათა ზღვიდან და მიხსენი გეჰენიისაგან! ძრწიან და კანკალებენ ჩემი ძვლები იმ ცეცხლის გახსენებაზე, რომელიც ამა ქვეყნის მოყვარეთ მოელით. მწარედ ვოხრავ და დავსტირი ჩემს გარდასულ და გამქრალ ცხოვრებას. ვაგლახ მე, ძმანო ჩემნო! დღენი ჩემნი წარდენილან, ჩემი სული კი შეკრული იყო ქვეყნიური სიამეებით და (სულ) არ ვფიქრობდი მე საშინელ და შემაძრწუნებელ დღეზე, რომელშიც მოვა პირველშობილი. თრთოლვით წარსდგება მაშინ თითოეული მის წინაშე, რათა ანგარიში მისცეს მას მთელ თავის ცხოვრებაზე. რა პასუხს მივცემ მე ჩემი ცხოვრებისათვის, როცა ყოველივეზე მკითხავენ, რაც კი ფარულად თუ განცხადებულად მიქმნია? შენმა საკუთარმა სიუხვეებმა, დაე, მოწყალე-გყონ, შენ, უფალო, ჩემს უსჯულოებათა მიმართ! შენი ცხოველს-მყოფელი სხეული და შენი განმწმედელი სისხლი, დაე, საკმარისი იყოს ჩემთვის, უფალო, შენი დამწყალობნებისათვის! შემიწყალე მე, ძეო ღმრთისაო, გარდამოსულო ჩვენი ცხოვნებისათვის!