| |
წმიდა ეფრემ ასური
52 მაცხოვნებელი სიტყვა
მე-36 კვირა: საშინელი სამსჯავროს დღისათვის
მოვიხსენე მე უკანასკნელი დღე, რომელშიც მოვალს მკვდართა აღმადგინებელი; და უდიდესმა ძრწოლამ მოიცვა ძვალნი ჩემნი ამ დღის გახსენებაზე. ეს დღე – უკანასკნელია დღეთაგან; ეს ის დილაა, რომლის შემდეგაც უკვე აღარ იქნება სხვა დილა. ეს არის ხიდი, რომელსაც იმ, სამუდამო მხარეში გადაჰყავს ძლევაშემოსილი და მოზეიმე მოსაგრენი. ამა ქვეყნის საუნჯეთაგან არ არის სარგებლობა; არაფერი რჩება სამუდამოდ, გარდა ჭეშმარიტი რწმენისა და სიმართლისა, რომელიც ყოველთვის ურცხვენელია.
მართალი მსაჯული ჩვენ პასუხს მოგვთხოვს; დასცემს საყვირი მხოლოდშობილის მოსვლის დღეს და ძრწოლით აღდგებიან ყოველნი ქმნილებანი; მზე დაჰფარავს თავის სხივებს, მთვარე შეწყვეტს ნათებას. კეთილნი დაიმკვიდრებენ სასუფეველს და დასტკბებიან ნეტარებით სამოთხეში, ბოროტნი კი გეჰენიას მიეცემიან, ტანჯვათ მიიღებენ, რომელნიც მათ დაიმსახურეს, და ცეცხლიდან იღაღადებენ: სამართლიანია შენი მსჯავრი, უფალო!
ამიტომაც, ვინც გულშემუსრვილია თავის ცოდვათა გამო, მან, დაე, იხსნას თავისი სული მოწყალებით. ვინც მოწყალებას გასცემს თავისი ქონებიდან, მისთვის, დაე, იობი იყოს სახედ მიბაძვისა! ვინც პურს აძლევს მშიერთ, მისი სახელი კურთხეულია აბრაამთან ერთად!
|
|