წმიდა ეფრემ ასური
52 მაცხოვნებელი სიტყვა
მე-35 კვირა: ნუ ჰყოვნი სინანულს!
ნუ გადავდებთ დღიდან დღეზე ჩვენს მოქცევას უფლისადმი, რათა ანაზდად არ მოვისმინოთ საშინელი მსაჯულის განაჩენი, რომლითაც იგი მოგვთხოვს მისი ქანქარით (ნიჭით) შეძენილის დაბრუნებას, და რათა არ ვიქმნეთ განკითხულნი უკუნეთ წყვდიადში განსაგდებად. სანამ ჯერ კიდევ დრო არის, შევუვრდეთ მსაჯულს და აღმსარებლებმა ვუთხრათ მას: შენს წინაშე შევცოდეთ და შენ შეგივრდებით, უფალო, იმიტომ, რომ ვერავინ შეგეწინააღმდეგება, თუკი შენ მოისურვებ ჩვენს ხსნას. ჩვენ ქვეყნიურის გატაცების გამო დავეცით, მაგრამ შევეცდებით, სინანულით განვიკურნოთ თავი. ვნებებს დავექვემდებარეთ, მაგრამ ბოლომდე ნუ წარვიკვეთთ სასოს, არამედ უფლის სიტყვა ვისმინოთ: „შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაი!“ (მათე 4,17). ჩვენი სულების მკურნალმა სინანული მოგვმადლა ყოველგვარი ცოდვიანი წყლულის საკურნებელად. მაშ, მოვიკვეთოთ, ძმებო, ჩვენი სულის ბოროტი ჩვევები, ხოლო ჭრილობის მოწვის დარად ღვთის შიში გამოვიყენოთ, რათა შერცხვენილნი არ ვიქმნეთ მკვდართა აღდგომის ჟამს! კეთილკრძალული ზრახვით მოვიგერიოთ ავხორცი ზრახვების მისწრაფებანი და მივატოვოთ განმხრწნელი სურვილები, რათა ჩვენი მაცხოვარი ღმერთის მადლით მოვიპოვოთ უხრწნელი ცხოვრება, და რათა უფალმა, თავისი სიუხვეებით, დავიწყებას მისცეს ჩვენი ცოდვები ჩვენივე მოქცევისათვის და გულწრფელი სინანულისათვის. |