| |
წმიდა ეფრემ ასური
52 მაცხოვნებელი სიტყვა
მე-34 კვირა: ცოდვის ტირილი
დაიტირეთ ჩემი სიშიშვლე, ჰოი, საყვარელნო ძმანო! ქრისტე განვარისხე მე ჩემი მანკიერი ცხოვრებით. მან შემქმნა მე და თავისუფლება მომანიჭა, მე კი ბოროტებით მივაგე მას. ყოველთა უფალმა სრულყოფილი შემქმნა მე და თავისი დიდების იარაღად მაქცია, რათა მე მას ვემსახურებოდე და წმიდა-ვჰყოფდე მის სახელს; მე კი, საწყალობელმა ჩემი არსების ნაწილები ცოდვის იარაღად ვაქციე და უმართლობებს ვიქმდი მათი მეშვეობით.
ვაგლახ მე! – რადგან უფალი განმიკითხავს თავის სამსჯავროზე.
ჩემი სამარცხვინო საქმეები წინამისწრობენ მე სამსჯავროზე და ბრალს დასდებენ ჩემს სულს. მოუკლებელად გევედრები, მაცხოვარო ჩემო, დამიფარე მე შენი ფრთებით და ნუ გამოამჟღავნებ ჩემს სიბილწეებს შენს სამსჯავროზე, რათა განვადიდებდე შენს სახიერებას. ბოროტი საქმეები, რომლებიც კი მიქმნია ყოველთა უფლის წინაშე, განმაგდებენ მე წმიდანთა ერთობისაგან. ჩემი ცხოვრებით მე ღმერთს არ ვემსახურებოდი, და არა მაქვს არანაირი ნაწილი მათს კეთილ საქმეებში. და აწ მწუხარება მოიწევა ჩემზე, რასაც ვიმსახურებ კიდეც. რადგანაც მოუძლურებული ვიყავი და ვნებებს ვემსახურებოდი, ამიტომ არ ვეკუთვნი ძლევაშემოსილთა დასს, არამედ გეჰენიის დამკვიდრებას ვიმსახურებ. და აი, შენ გევედრები მოუკლებლად, ძლევაშემოსილო, ჯვარზე სამსჭვალთაგან მოწყლულო მაცხოვარო ჩემო, განაშორე თვალნი შენნი ჩემი ცოდვებისაგან! ხოლო შენი ვნებებით განკურნე ჩემი წყლულები, რათა განვადიდო შენი სახიერება.
|
|