მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა ეფრემ ასური

 

52 მაცხოვნებელი სიტყვა

 

მე-33 კვირა: ვინ ვერ შევა ცათა სასუფეველში?

 

ცათა სასუფეველი უზრუნველთ კი არ ეკუთვნით, რომელნიც ინახით სხედან და განისვენებენ, არც სამიკიტნოებში შემსვლელთ, არც ფუფუნებითა და სიცილ-კისკისით მცხოვრებთ, არამედ – მოტირალთ და მონანულთ, და დღითა და ღამით უფლისადმი მღაღადებელთ! სწორედ ისინი იქმნებიან ნუგეშ-ცემულნი ნუგეშისმცემელის მიერ. შესანიშნავად გამოხატა მანასემ ის (საღმრთო) მრისხანება, რომელიც შეუნანებელ ცოდვილებზე მოიწევა, როცა თქვა: ვინ უძლოს შენს რისხვას უფალო, რომელიც ცოდვილებზე მოიწევა?! ვაი, მემრუშეს! ვაი, მემთვრალეთ და ვაი, სიტყვაბოროტს! ვაი, მათ, რომელნი „ქნარისა თანა და საფსალმუნისა და ავლთა ღვინოსა სუმენ, ხოლო საქმეთა უფლისათა არა ხედვენ და საქმეთა ხელთა მისთასა არ განიცდიან“ (ესაია 5,12).

ვაი, საღმრთო წერილთა მაგინებელთ და მგმობართ! ვაი, იმათ, რომელნიც სინანულის დროს გონებაგაფანტულობაში, ამაო ფუსფუსსა და სიცილ-კისკისში ღუპავენ. ძებნას დაუწყებენ ისინი იმ დროს, ცუდად რომ გაფლანგეს, და ვეღარ ჰპოვებენ. ვაი, იმათ, რომელნიც კამათელს აგორებენ, იმიტომ რომ საკუთარ თავს აუცხოებენ ქრისტეს სისხლისა და სხეულისაგან! ვაი იმათ, რომელნიც შებილწავენ საკუთარ თავში წმიდა რწმენას და ეთანხმებიან მწვალებლებს! ვაი იმათ, ვინც გასამრჯელოს ართმევს მოჯამაგირეს, სასყიდლით დადგინებულს, – მისი წართმევა სისხლის დაღვრას ნიშნავს. ვაი, იმათ, რომელნიც უსამართლო მსჯავრით განსჯიან! ვაი, იმათ, რომელნიც მისნობას მიმართავენ! ვაი, იმათ, რომელნიც არაჯეროვანით არიან დაკავებულნი! ვაი, იმათ, რომელნიც შურითა და სიძულვილით მრისხანებენ! ვაი, ყველა იმათ, რომელთა ხვედრიც მარცხენით დგომა იქნება საშინელ ჟამს, როცა მოისმენენ: „განვედით ჩემგან წყეულნო ცეცხლსა მას საუკუნოსა!“ (მათე 25,41).