მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა ეფრემ ასური

 

52 მაცხოვნებელი სიტყვა

 

მე-32 კვირა: ყოველივე ქვეყნიური სიკვდილის ჩანასახს თავის თავში ატარებს

 

უგზო-უკვლოდ მიმოვედებოდი მე მანკიერებათა გზებზე, და არც მიფიქრია მარადიულობისაკენ მიმავალ გზაზე. მიტოვებული მქონდა მე სიმართლის ბილიკები და ამაოებას ვიყავი გამოდევნებული. ვაი, რომ მოახლოვდა აწ საზღაურის მიგების დღე.

შენი მადლიმც დამიცავს მე ცეცხლის ამ დღეს, უკეთურთა დამწველისა! შენი მარჯვენამც, ადამის შემქმნელი და სიმონ-პეტრეს აღმომყვანებელი ზღვიდან, აღმომიყვანს მეც ჩემს წინააღმდეგ აღმდგარი ამა ქვეყნის ზვირთთაგან! შენი ჯვარიმც მეყოს მე, უფალო, კვერთხად და საყრდენად ჩემს სავალ გზაზე!

უდიდეს შიშში ვარ მე: არც ქონება, არც სიმდიდრე არ იქნებიან ჩემნი თანმხლებნი ამა დროებითი საცხოვრებელიდან განსვლისას. როგორიც შემოვედი მე ამ სოფლად, ისეთივე წარვალ მისგან შიშველი. შიშველი მოვსულვარ მე მოკვდავთა სამკვიდრებელში, შიშველივე გავალ მისგან სამსჯავროზე და შემდეგ – ტანჯვისათვის. რა მშვენიერია მსოფლიო, ქვეყანა ესე! მაგრამ სიკვდილით არის იგი აღსავსე! გაზაფხულის თვეში გამოსულ ყვავილს ჰგავს იგი: ვიდრე ნამი და წვიმა აცოცხლებენ მას, ჰყვავის, ხოლო როცა პაპანაქება სიცხე დააჭერს, ჭკნება. ასევე სიკვდილიც აიძულებს ღაწვებს, გაფერმკრთალდნენ და მშვენიერი აგებულების სხეულსაც დაარღვევს და განხრწნის იგი საფლავში. სამოთხე უფრო ნათლად ბრწყინავს, ვიდრე მზე აღსავსე წყვდიადით ამ სამყაროში, მაგრამ ჩვენი სულიერი თვალები მეტისმეტად დაბნელებულია იმისთვის, რომ სიხარულთა სავანის ჭვრეტა შესძლონ, ამიტომაც მიწის შვილები ყოველთვის მხოლოდ მიწას დაჰყურებენ. ჰოი, შენ, მზეზე უნათლესო ნათელო, გამინათე მე საფლავის წყვდიადში!