| |
წმიდა ეფრემ ასური
52 მაცხოვნებელი სიტყვა
მე-31 კვირა: ვედრება ცოდვათა მოტევებისათვის
მოწყალე იყავ, უფალო, ჩემდამი, ცოდვილისადმი, რომელიც ცოდვის ბადეთ გაურბის! გამომიყვანე მე, ვითარცა მეზვერე, უხილავი უფსკრულიდან, რათა არ შთავინთქა მასში! და მეც, მასავით, აღმომიყვანე, უფალო, ჩემი უმართლობების სიღრმეთაგან! წარხოცე ცოდვით დაცემანი ჩემნი და მიიღე ჩემი სინანული!
დაივიწყე, – ჰოი, არაფრის დამვიწყებელო მსაჯულო! – დაივიწყე ყველაფერი, რაც კი მე ჩემი სიჭაბუკიდან შემიცოდავს! ყველაფერი, რაც მახსოვს მე და რაც შენ უწყი, დაე, ყოველივე ეს წარხოცილ იქნას შენი წიგნიდან; რაც ცნობილია ჩემთვის და შენთვის, ყოველივე ეს, დაე, ნუ იქნება მოხსენიებული შენს სამსჯავროზე!
არ არსებობს უცოდველი ადამიანი; ამიტომ განმკურნე მე, შემცოდე!
არ არსებობს ქმნილება ბრალეულობის გარეშე; ამიტომ შეუნდე შენს მონას, ბრალეულს შენს წინაშე!
მსოფლიოს ყველა უმართლობანი იგივეა, რაც ორთქლი შენი მოწყალების სუნთქვის წინაშე, უფალო. ადამის ძეთა ყველა ცოდვა შთანთქა შენი ჯვარის ზღვამ. შეჰკრიბე, უფალო, ჩვენი ყველა უსჯულოება და შთაყარე ისინი შენი მოწყალების ზღვაში! განაფინე, უფალო შენი მცნებების დიადი ბადე, ყოველთა მომნადირებელი, და გამომიყვანე მე, ვითარცა იონა, ცოდვათა ზღვიდან! დაე, ნუ გაიცინებს ჩემზე ჩემი მიმტაცებელი, რომ მე თავად ჩავუვარდი ხელში! დაე, ნუ შეურაცხმყოფს და აბუჩად ნუ ამიგდებს სატანა (იმისთვის), რომ შემეძლო, გავქცეოდი მას, და არ გავერიდე! განხეთქე ჩემი ცოდვების საკრველები და გამათავისუფლე მათგან, როგორც ის ბოროტეშმაკეული გაათავისუფლე, ვისაც თავის თავში ლეგიონი ჰყავდა (მარკოზი 5,15).
|
|