| |
წმიდა ეფრემ ასური
52 მაცხოვნებელი სიტყვა
მე-30 კვირა: ღმერთი მხოლოდ სინანულს მოელის ცოდვილისაგან, რათა შეუნდოს მას
როგორც მკურნალი გეტყვის ხოლმე, ღმერთიც გეუბნება: მიჩვენე შენი წყლული, და მე განგკურნავ! მისთვის სასურველია შენ მიმართვა, და მაშინ შეგეწევა, გიწამლებს. შენი ნებით მიუძღვენი მას სინანული, და იგიც სიყვარულით შეგიწყნარებს!
ლოცვად მიაქციე გული შენი, რათა შენდა მოიქცეს მისი მადლი!
იარე სინანულის გზით, რათა შეგეგებოს მისი კაცთმოყვარეობა!
ნუ შეიყვან თავს შეცთომილებაში, რათა შენი აღსასრული გოლიათივით არ დაგეცეს ანაზდეულად; მაშინ ვეღარ ნახავ დროს სინანულისათვის.
დაე, სინანულის ღვაწლში გეწიოს დასასრული!
დაე, წმიდა ბრძოლაში გიწიოს სიკვდილმა!
დაე, სარწმუნოებისათვის ბრძოლაში დასრულდეს შენი მსახურება ამქვეყნად!
დაე, სიმართლის გვირგვინით დამთავრდეს შენი ცხოვრების მდინარება!
ნუ ჰყოვნი, ჰოი, მონანულო, სანამ შესაძლებელია შესვლა საქორწინო პალატში. განიმზადე თავისთვის ნათელი შესამოსელი, შეიმოსე სპეტაკი სამოსი სერობისათვის, ვიდრე ანაზდად სიძე არ მოსულა! განიმზადე ნათლად მგზნებარე ლამპარი, სანამ არ მოსწვდენია შენს სასმენელთ შემაძრწუნებელი ხმა: აჰა, ესერა სიძე მოვალს! რატომ ჰყოვნი, ცოდვილო! რატომ ზიხარ უდარდელად, მოვალევ, თითქოს შენი მევალე არაფერს გეტყვის იმ ვალზე, რომელიც სესხად მოგცა? მან დაგიმტკიცა თავისი მრავალმოთმინება; მაშ, შენც დაუმტკიცე მას ცრემლებით შენი სულის შემუსრვილება.
|
|