მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა ეფრემ ასური

 

52 მაცხოვნებელი სიტყვა

 

მე-29 კვირა: ქვეყანა ესე მწუხარებათა სამკვიდრებელია

 

ქვეყნად – ცოდვათა ამ ზღვაში – ყოველნი დღენი ჩემნი ფუჭად მდინარებდნენ. ჩემი ცხოვრება უსარგებლოდ გადიოდა ჩემთვის და მეც ცოდვათა ტვირთს შევიკრებდი. და აი, ტირილი და სულთქმა მომელის მე საშინელებებით აღსავსე მხარეში.

ჩემი გული ნათელი სამკვიდრებელის შესახებ კი არ იზრახვიდა, რომლისკენაც მომიწოდებდნენ, არამედ ცეცხლი სწყუროდა მას. ნეტარებებით აღსავსე სავანე დავტოვე მე სიკვდილის სავანისათვის. და აი, ახლოვდება დღე მსაჯულისა, რომელი დაფარულს გამოააშკარავებს. მე კი ცეცხლი განმიმზადებია საკუთარი თავისთვის.

მაწვიმე მე, უფალო, შენი სიუხვენი!

სიჭაბუკიდანვე და აწინდელ დრომდე ყოველთვის მიყვარდი მე, ჰოი, მზაკვარო სოფელო, და ჩემი სიცოცხლის დრომ ცოდვათა შორის განვლო შეუმჩნევლად. შენი მოყვარულნი, სოფელო, არ დასტკბებიან სიხარულთა შორის, ხოლო შენი მოძულენი არ ტირიან. ნეტარია, ვინც დაფლითა შენი ბადეები. მხოლოდ ვაება და მწუხარებაა შენგან, ჰოი, სამკვიდრებელო გლოვისაო, იმიტომ, რომ შენს მოყვარულთ ჯილდოდ მხოლოდ ცეცხლს აძლევ, შენს ახლობელთ – ტანჯვასა და წყვდიადს, შენს ნაცნობთ – მწუხარებებსა და სნეულებებს. შენი შესახედაობით ბრძენკაცთაც კი ატყუებ, იმიტომ, რომ მცირე ხნით ეჩვენები სასურველად, საუნჯეთაც კი იძლევი და შემდეგ, სიკვდილის დღეს, უკანვე მიგაქვს ისინი. მცირე ხნით იძლევი შენ შეცოდების საშუალებას, ჯილდოდ კი საუკუნო წყვდიადი გაქვს გამზადებული!

სამართლიანი ხარ შენ, მსაჯულო, და სამართლიანია შენი სამსჯავრო. ღირსმყავ მე, უფალო, ღმერთო ჩემო, შენდობისა!