მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა ეფრემ ასური

 

52 მაცხოვნებელი სიტყვა

 

მე-28 კვირა: მონანიება

 

შეძრწუნება მიპყრობს და თრთოლვას ვიწყებ, როგორც კი გავიხსენებ ხოლმე, თუ რაოდენი შემიცოდავს ჩემი სიჭაბუკიდან ამ ჟამამდე. და როცა ვიხსენებ ამას, არ ძალმიძს, მწუხარების გარეშე არ შევღაღადო უფალს. მოწყალე იყავ, ჩემდამო, ღმერთო!

მთელმა ჩემმა ცხოვრებამ ცოდვებისადმი მსახურებაში განვლო, და დღენი ჩემნი ბოროტ საქმეებში გამიტარებია; მე არ ვფიქრობდი განკითხვის დღეზე და იმ სატანჯველზე, ცოდვილებს რომ მოელით. შემიწყალე მე, უფალო, იმ დღეს, როცა გამოაშკარავდება ჩემი დაფარული საქმე! ვაგლახ, მე! ვცოდავდი ამ წარმავალ საწუთროში, და აჰა, საზღაური მომელის წარუვალ სამყაროში. იტირეთ და ვაებდეთ ჩემთვის, ჰოი, ჩემო მსგავსო ცოდვილებო! საშინელი და შემაძრწუნებელია შენი სამსჯავროს დღე, მაცხოვარო ჩვენო.

ვძრწი მე, უფალო, რადგან ჩემი ცოდვები ყოველგვარ ზომას აღემატნენ. ვუყურებ, უფალო, ჩემს ცოდვებს და ვიურვი, რადგან დიდია მათი სიმრავლე. მაშინებს მე ცეცხლი, უკეთურთ რომ მოელით. ყოველნი დღენი ჩემნი ცოდვებში დიოდნენ, ისე, რომ ერთი დღეც არ მიმსახურია მე სიმართლისათვის. საძულველი იყო ჩემთვის ცხოვრების სავანისაკენ მიმავალი გზა; ხოლო გეჰენიაში მიმავალი ბილიკი შევიყვარე. და ვაი მე, მაშინ, როცა ცეცხლი ხმაურით ატკრციალდება და აღეგზნება, რათა ცოდვილები დაწვას! სად დაგემალები მაშინ, უფალო?! უდიდესია მართალთა სიმდიდრენი და საუნჯენი; მაგრამ მე ჩემი ნებით ამაოება შევიყვარე: იმას ვოცნებობდი, რომ ამა ქვეყნის სიმდიდრენი წარმავალნი და ცვალებადნი არ ყოფილიყვნენ, და არ მიფიქრია იმაზე, რომ მხოლოდ მომავალი საუკუნის სიხარულია წარუვალი და უცვალებელი. მოწყალე იყავ ჩემდამი უფალო, მონანულთა მწყალობელო, და შემინდე ყოველნი შეცოდებანი შენი უსაზომო სახიერებით!