| |
წმიდა ეფრემ ასური
52 მაცხოვნებელი სიტყვა
მე-27 კვირა: წუხილი ცოდვათა გამო
აღსდეგ, სულო (ჩემო), დაბერებულო ცოდვებში და განახლდი სინანულით! გულშემუსრვილობითა და ცრემლებით შეაზავე შენთვის საკურნებელი წამალი და განკურნე შენში დაცემული (საღმრთო) ხატის წყლულები! გულის სიღრმიდან შეჰღაღადე უფალს და გამოუცხადე შენი უსჯულოებანი, იმიტომ, რომ ყოვლადსახიერი გინდობს შენ, დაცემულს. მომატყუებელი და წარმავალი სილამაზე შეგყვარებია შენ, და დაგიღუპავს საკუთარი სიმშვენიერე, ასულო ნათლისაო. შენი სხეულის ტაძარი დაქცეულია მცონარებით, რომელსაც დამონებიხარ. ვაგლახ, შენ, უბადრუკო!
განა დიდხანს იქნები დაკავებული წარმავალით, სულო (ჩემო)? ათრთოლდი და შეძრწუნდი იმ ცეცხლის გამო, რომელიც თავადვე აღგიგზნია საკუთარ თავში შენი უმართლობების ნაპობებით. უსახური ცოდვები, რომლებიც შენი სიჭაბუკიდან დღესამომდე ჩაგიდენია, აღემატნენ შენს თავს. მათ სასოწარკვეთაში ჩაგძირეს, და ამიტომ შენ არ ზრუნავ სინანულისათვის. გაიხსენე, რომ დატყვევებული ხარ ვნებებით. ნუთუ არ გაშინებს ის დღე, რომელშიც ყველა შენი დაფარული წყლული გაცხადდება? ვინ დაგიცავს იქ, სადაც თითოეული საკუთარი სამსჯავროთი იქნება დაკავებული? შენმა ვნებებმა კერპად გაქციეს, დაგღუპეს და მარტო დაგტოვეს. ჰოი, დიდო სასოებაო! – შეიწყალე შენგან განშორებული სული! მე – შენი ცხოვარი, დიდხანს ვხეტიალობდი შენგან შორს, ვემსახურებოდი რა მზაკვარს. მოიძიე, უფალო, მონაღვაწი შენი! ცოდვილთა გულისთვის იტვირთე შენ ჯვარი შენი, მე კი – ერთი მათგანი ვარ; მაშ, ნუ იბრუნებ პირს ჩემგან! შენი მონაღვაწნი ვართ ჩვენ, მაგრამ მზაკვარმა წარგვიტაცა. აღუკრძალე მას, და შემიწყალე მე, კაცთმოყვარეო! – შენს გარდა სხვა არანაირი სასოება არა მაქვს!
|
|