| |
წმიდა ეფრემ ასური
52 მაცხოვნებელი სიტყვა
მე-26 კვირა: გულშემუსრვილობა - ცოდვათათვის
აღსდეგ, სულო ჩემო, ცოდვებში მთვლემარევ დღესამომდე, და ისწრაფე, განიფრთხო ძილი, რათა სინანულში ეძებო თავშესაფარი! ყოველჟამ ჰღვარე მსაჯულის წინაშე გულშემუსრვილობის ცრემლი შენი საძაგელი საქმეების გამო. ტანჯვათა უფსკრული მოგელის შენი საქმეებისათვის. სტიროდე საკუთარი თავის გამო, რათა მართალმა შეისმინოს შენი და შეგირიგოს! შეკრთი, საწყალობელო - სულო ჩემო, და შეძრწუნდი იმ სატანჯველთა მოხსენებაზე, რომელნიც თავადვე განგიმზადებია საკუთარი თავისთვის! სტიროდე - საკუთარი თავის გამო, იმიტომ, რომ ყოველგან თან გსდევს საუკუნო ცეცხლი! ღრმად შთაფლული ხარ შენ ვნებებში.
ეკალბარდითა და კუროსთავით არიან შეშთობილნი შენი ზრახვები და არ მოგიტანია შენ სინანულის მსხვერპლი. ვნებებმა მოგიცვეს შენ, ვითარცა ტალღებმა, და ჩასძირეს შენი ხომალდი ცოდვათა ზღვაში. არასდროს არ გაგხსენებია შენ ის დღე, რომელიც გამოიცდება ყოველივე დაფარული (შენში). და რას მოიმოქმედებ, მაშინ, როცა ძრწოლას მოგგვრის სიძის ხმა, რომელიც მოგიწოდებს, გამოხვიდე მის შესახვედრად? თვალის ჩინი დაგიბნელდება და ლამპარი ჩაგიქრება, და დარჩები გარეთ სულელ ქალწულებთან ერთად. მაშ, მოიმარაგე ზეთი, სანამ ჯერ კიდევ არის დრო განმართლებისათვის. ითხოვე შენთვის ცოვდათა მოტევება მეძავ დედაკაცთან ერთად და ცრემლებით განიკურნე შენი წყლულები! ვიდრე ჯერ კიდევ განღებულია სინანულის კარნი, შედი და განიწმიდე საკუთარ სიბილწეთაგან!
|
|