მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა ეფრემ ასური

 

52 მაცხოვნებელი სიტყვა

 

მე-25 კვირა: სამი მანკიერება, რომელთაც ვსძლევთ სამი სათნოებით

 

მომმადლე მე, უფალო, რომ აქვე განვიკითხო ჩემი გულის ზრახვები, ამქვეყნადვე დავტოვო ჩემი მანკიერებები, აქვე დავაშრო ჩემი უსჯულოებათა წყარო და აღმოვფხვრა ჩემი ცოდვების ფესვები! მომმადლე მე, უფალო, რომ დაგიბრუნდე ჩემი ცოდვიანი ხეტიალისაგან და შენს კართ მოვადგე! მაცთუნა მე მზაკვარმა მცონარებით, დაუძლურებით, ნაყროვანებით, და განვდრკი მე მართალი გზისაგან. სამმაგი ბადით მომინადირა მე მზაკვარმა, და, დაე, სამი სათნოებით ვიხსნა თავი, უფალო: სიყვარულით, რომელიც აღადგინებს მცონართ; სასოებით, რომელიც განამართლებს ცოდვილთ; და ჭეშმარიტი რწმენით, რომელიც ხელს უწვდის მონანულთ! მსმენია მე, უფალო, რომ არ უგულებელყოფ შენ იმ გულს, რომელიც შემუსრვილია თავის ცოდვათა გამო და ყოველ ჟამს იღვწის სინანულის უმძიმეს ბრძოლაში. და, აი, უფალო, ყოველი ფიქრი ჩემი შემუსრვილობად მექმნა მე ჩემს ცოდვათათვის.

მაშ, ვევედროთ, ძმანო, უფალს მანამდის, სანამ არ დავიბრუნებთ ხელითწერილს ჩვენი ცოდვებისა! ხმა აღვიმაღლოთ საკუთარი თავის გასაკიცხად, ცრემლთა მდინარენი ვღვაროთ, და, დაე, სინანულის ოხვრათაგან განგვისკდეს გული, ოღონდ კი ცოდვათა მოტევება მივიღოთ! დაე, სინანულის სარკეში დავინახოთ ჩვენი სიბილწეების სიმრავლე: უფროის განგვბანე ჩვენ უსჯულოებათა ჩვენთაგან და ცოდვათა ჩვენთაგან განგვწმიდე ჩვენ, უფალო.