წმიდა ეფრემ ასური
52 მაცხოვნებელი სიტყვა
მე-24 კვირა: შეგონება სინანულისათვის
მოიქეცით სინანულად, ჰოი, ცოდვილნო, რამეთუ დიდხანს როდი იქნება აყვავებული ქვეყანა ესე! მოახლოებულია მისი დასასრული. ნეტარნი არიან მონანულნი. სამსჯავრო მოელით ცოდვილებს, რომელთაც არ აღუსრულებიათ კეთილმსახურების საქმენი. თუკი შენი სიმართლით განგვსჯი, უფალო, ვინ განმართლდება სამსჯავროზე?! ნუ დავამყარებთ იმედებს სიმდიდრესა და ღირსებაზე: ისინი ვერ გვიხსნიან სიკვდილისა და საუკუნო ცეცხლისაგან. ჩვენი სასოება ღმერთზე დავამყაროთ, რომლის ხელთაც არის ჩვენი სიკვდილიცა და ჩვენი სიცოცხლეც. იგი გვიხსნის ჩვენ ბოროტის მოქმედთათვის განმზადებული წყვდიადისაგან. ნუ დავუკარგავთ საკუთარ თავს საუკუნო ცხოვრებას და ნუ მივეჯაჭვებით - ხანმოკლე, წარმავალ ცხოვრებას, რომელიც თავის დროზე გაგვისხლტება ხელიდან. რამეთუ რა სარგებლობა ექნება ადამიანს, თუკი მთელს მსოფლიოს შეიძენს, თავის სულს კი გეჰენიაში ჩააგდებს, სადაც ცეცხლი არ ქრება?! მაშ, საქმეებით სათნო-ვეყოთ მეუფე ქრისტეს, ვისთვისაც გაცხადებულია ჩვენი ზრახვები, რათა უზრუნველობაში შთაფლულნი არ გვპოვოს და არ გვითხრას: „განმეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი!“ (მათე 7,23). სანამ ჩვენ ჯერ კიდევ ამა წარმავალ მსოფლიოში ვიმყოფებით, და ვიდრე განღებულია ჩვენთვის (უფლის) სიუხვეთა კარნი, და ვიდრე ძალგვიძს, მივიღოთ ცოდვათა მოტევება, – მოწყალე ვჰყოთ ჩვენდამი სიმართლე ჩვენი მოქცევით ბოროტისაგან სიკეთისაკენ, და ამით ვიხსნათ თავნი საშინელ სამსჯავროზე, რომელზეც საშინელი ქენჯნაა და რომლის შემდეგაც დაუსრულებელი სატანჯველნია. |