წმიდა ეფრემ ასური
52 მაცხოვნებელი სიტყვა
მე-23 კვირა: ღმერთის შეწევნით დაიძლევა ეშმაკი
კიდევ დიდხანს არ შეუდგები სინანულს, სულო ჩემო?! ღვთის სამსჯავრო უკვე მოახლოებულია, და ცეცხლიც უკვე განმზადებულია ჩემი არსების ნაწილებისათვის. სიბოროტეთა ზღვაში ვიყავი მე შთაფლული მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში და არ დავიტირებდი ჩემს ცოდვებს. სატანამ მაცთუნა მე, ტყვედ გამიტაცა და უმოწყალოდ დამაგდო მიწაზე. ვაგლახ, მე! რა უნდა ვიღონო ახლა? შენ, მართალო მსაჯულო, არცხვინე მზაკვარი, რომელიც ჩემს წინააღმდეგ იბრძვის და ფარულად მიგებს თავის ვერაგულ ბადეებს, როცა მე სინანულს მინდა შევუდგე. ჩემი შემწე იყავი, მრავალმოწყალეო უფალო, – და მე აღვდგები და დავფლეთ მის ბადეებს! ვაგლახ მე იმ დღეს, როცა შენ, უფალო, ცოდვილებს განიკითხავ! ძრწის ჩემი სული, როცა ისმენს, რომ სამსჯავროს დღე მოახლოებულია; შეშფოთდებიან ჩემი აზრები იმის წარმოდგენაზე, რომ უკეთურთ ცეცხლი მოელით. დაე, შენი ჯვარი მიძღოდეს მე ამ საშინელი გადასვლისას! დაე, განიდევნოს ჩემგან ბოროტი ძალები და, დაე, განმეღოს სამოთხის კარნი! ნუ დამტოვებ მე, უფალო, ჯოჯოხეთში, არამედ მომმადლე მე სიხარულით შემოსვლა შენს პალატებში! ვაი, რომ დღეებმა ჩემი სიჭაბუკისა ამაოებაში განვლეს. უგზო-უკვლოდ მიმოვედებოდი მე, მიცემული ვნებებს; ხოლო სული ჩემი სიჭაბუკის მომატყუებელი სიყვარულით იყო შებორკილებული. არ ვფიქრობდი იმაზე, რა საშინელია დღე, რომელშიც მე მკვდრეთით აღვდგები. ვინ განმიკურნავს უძლურებას და ვინ განმამტკიცებს შიშის იმ ქვეყანაში, სადაც პატივს არ სცემენ არც წარმომავლობას, არც სიმდიდრეს და სადაც ძმა ვერ დაიხსნის ძმას სამსჯავროსაგან? |