მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა ეფრემ ასური

 

52 მაცხოვნებელი სიტყვა

 

მე-22 კვირა: ძილის შემოზღუდვა ცოდვიან ზრახვათაგან

 

მომმადლე მე, უფალო, უზაკველად წარმოდგომა შენს წინაშე, ჩემო გამომსყვიდველო, როცა ვმღვიძარებ, და მომმადლე მე, უცოდველად ვგემულობდე ძილს, როცა მძინავს! ხოლო თუკი მღვიძარებისას უსჯულოებას ჩავიდენ, დაე, განვიწმიდო შენი მადლით, უფალო, და თუ, შევცოდავ ძილისას, დაე, შენი მოწყალება შეიქმნას ჩემი განმწმედელი! შენი თვითდამდაბლების ჯვარით გახადე ჩემი ძილი უშფოთველი, შემომზღუდე მოუსვენარი სიზმრისმიერი ოცნებებისაგან და წარმოსახვის არაწმიდა წარმოდგენებისაგან;

მომმადლე მე, რომ მთელი ღამე მოსვენებული ძილით განვლიო, რათა არ იმძლავრონ ჩემზე მზაკვრულმა და მანკიერმა ზრახვებმა!

ცხოველსმყოფელი შენი სხეულით, რომელსა ვჭამდი მე, დამიცევ მე არაწმიდა გულისთქმისაგან, რათა მშვიდად დავწვე და მოსვენებით დავიძინო! დაე, შენი სისხლი მიფარავდეს მე! ჩემს სულსაც, რომელიც არის შენი ხატი, მოანიჭე შენი ხატისათვის საფერი თავისუფლება, და ჩემს სხეულსაც, შექმნილს შენი ხელებით, დაე, შენი მარჯვენა იფარავდეს! შენი სიუხვეების გალავნით დამიცავი მე, ვითარცა ფარით! ხოლო როცა ჩემი სხეული მოსვენებულია და სძინავს, დაე, შენი სახიერება იყოს ჩემი მცველი, რათა მზაკვარი არ მოუახლოვდეს ჩემს სარეცელს! შენი მშობელი დედის შუამდგომლობით და შენს მიერ ყველასათვის მოტანილი მსხვერპლით გევედრები, უფალო: განაგდე სატანა, რათა იგი არ მაშფოთებდეს მე! ჩემზე აღასრულე, უფალო, შენი აღთქმა, და შენი ჯვარით დაიფარე ჩემი ცხოვრება! შენდა აღმოვავლენ ქება-დიდებას გამოღვიძებისთანავე, იმიტომ, რომ მე, საწყალობელს, გამომიცხადე შენი სიყვარული. და დაე, მძინარენიცა და მღვიძარენიც, შემოზღუდულნი შენი საჭურველით, შენ აღმოგივლენდნენ, საუკუნო მფარველო, ქება-დიდებას!