წმიდა ეფრემ ასური
52 მაცხოვნებელი სიტყვა
მე-21 კვირა: „მიწყალე მე, ღმერთო: დიდითა წყალობითა შენითა და შენი სიუხვის სიმრავლით შემიწყალე მე!
ვიდრე ცოდვანი ჩემნი წინამისწრებდნენ მე სამსჯავროზე და მარცხვენდნენ წინაშე მსაჯულისა, შენ, უფალო, აღსავსეო უხვებებით, შემიწყალე მე! ვიდრე დაჰხშავდე შენს კართ ჩემს წინაშე, ძეო ღმრთისაო, და სანამ დაუშრეტელი ცეცხლის კერძი შევიქმნებოდე გეჰენიაში შემიწყალე მე! ვიდრემდე ჟამთასვლის ბორბალი აღასრულებდეს თავის მოქცევას და შეიმუსრებოდეს წყლის ჭურჭელი ყოველთა ტომთა წყაროსთან (ეკლესიასტე 12, 6) – შემიწყალე მე, უფალო! ვიდრე პირმოთნენი გეტყოდნენ: უფალო, უფალო ჩვენო! – და შენც პასუხად მიუგებდე - არა გიცი თქვენ! შემიწყალე მე! ვიდრემდე (ზეციური) მხედრობა გამოვიდოდეს წინამავალად მეუფისა ძისა, რათა შეჰკრიბონ ჩვენი გლახაკი მოდგმა მსაჯულის საყდრის წინაშე, – შემიწყალე მე, უფალო! ვიდრემდე თიხა (მტვერი, მიწა) მიწასვე დაუბრუნდებოდეს, დალპებოდეს და მისი სიმშვენიერის ნაკვთები განიხრწნებოდნენ, - შემიწყალე მე, უფალო! ვიდრემდე სიკვდილის ქარი დამბერავდეს მე, ვითარცა ხეს, და ვიდრე ჩემს სხეულში სნეულებანი გაჩნდებოდნენ, მოახლოებული აღსასრულის მაუწყებელნი, – შემიწყალე მე! ვიდრემდე უდიდებულესი მზე ჩაჰქრებოდეს თავის სიმაღლეში, დაე, შენი ნათელი აღმომიბრწყინდეს მე ზეგარდმო და განმიფანტოს ჩემი გონების საშინელი წყვდიადი, – და შემიწყალე მე, უფალო! ვიდრემდე საყვირთა ხმა დაიგრგვინებდეს შენი (მეორედ) მოსვლის წინ, უფალო იესო ქრისტე, – მანამდე შეიწყალე მონანი შენნი, უფალო, რომელნი გვედრიან შენ, და – შემიწყალე მეცა ცოდვილი! |