| |
წმიდა ეფრემ ასური
52 მაცხოვნებელი სიტყვა
მე-20 კვირა: არ ცთუნდე
ნუ მოიხიბლები ქვეყნიური ამაოებით, არამედ ძრწოდე სამსჯავროს წინაშე! რისთვის აძლევ ნებას, ჰოი, მოკვდავო კაცო, ამა წარმავალ ქვეყანას გაცთუნოს შენ და ესოდენ მშფოთვარებას სწევ თავს, სტანჯავ რა ამაო შრომით?! ქვეყანა ესე იმად აღგძრავს, რომ სულ უფრო მეტი და მეტი სიმდიდრე შეიკრიბო; ხოლო როცა დასასრული მოვა, სიმდიდრე მიგატოვებს, და შენ სრულიად ვერ ისარგებლებ მისით. იფიქრე, ადამიანო ჟამზე ამქვეყნიდან შენი განშორებისა და გაიხსენე ის მდიდარი, რომელიც წყალის ერთ წვეთს ნატრულობდა (ჯოჯოხეთში)! სანამ ჯერ კიდევ ცოცხალი ხარ, მოწყალება გაიღე გლახაკთათვის, და ქრისტე, თავისი აღთქმისაებრ, აქაც მოგაგებს საზღაურს და მომავალ საუკუნეშიც: „ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ“ (მათე 5,7) ღმრთისა მიერ (საყოველთაო) მკვდრეთით აღდგომის დღეს.
თესე მოწყალება გლახაკთა ხელებში და ელოდე მკვდრეთით აღდგომას: მაშინ მოხვალ და სიხარულს მოიმკი. ახლოვდება დღე (ქვეყნის) დასასრულისა, რომელშიც ქრისტე მოვალს ანგელოზთა დასებითურთ; თავის მსვლელობას იგი იებუსეის (სიონის) მთისკენ მიმართავს და თავისი მინიშნებით უბრძანებს ანგელოზებს, მთელი კაცთა მოდგმა შეჰკრიბონ. დადგამენ საყდარს – ტახტს, დაჯდება მსაჯული, და მოვლენ (ყოველნი) ტომნი მსჯავრის მისაღებად თავიანთი საქმეებისათვის. შეგვიწყალე ჩვენ, უფალო, და შენი გულუხვებით მოგვიტევე ცოდვანი ჩვენნი. სად დავიმალები მე შენი მოსვლისას, კაცთმოყვარეო? სიმაღლენიც, სიღრმენიც და ზღვებიც – ყოველივე აღსავსეა შენით. შენ მოგეახლები, უფალო, და შენ შეგივრდები, ვითარცა ის სნეული დედაკაცი, რომელიც შენი სამოსლის კიდეს შეეხო და განიკურნა სნეულებისაგან. და რაკი შენი ცხოველსმყოფელი ჯვარის წინაშე ვეძიებ მე თავშესაფარს, დაე, მისით ვიქმნა ხსნილი ცეცხლისაგან და, დაე, მისი ძლით დავიმკვიდრო ცათა სასუფეველი.
|
|