წმიდა ეფრემ ასური
52 მაცხოვნებელი სიტყვა
მე-19 კვირა: „სინანულის გარეშე ვერ მივაღწევთ სამოთხის ნეტარებას!“
იტირეთ ჩემთვის, ჰოი, ყოველნო კეთილკრძალულნო წმიდანნო, რამეთუ მე მოვშორებივარ სიხარულთა პალატებს! იტირეთ ჩემთვის, ძმანო ჩემნო, რადგან თავადვე განმიგდია თავი თქვენი სიყვარულისაგან! თვით ის კლდენიც კი ცრემლთ ჰღვრიან ჩემთვის, რომელთა ნაპრალებშიც მე თავს ვაფარებდი, რაკი ხედავენ ჩემს განდრეკას კეთილმსახურთა ღვაწლისაგან. წუხდნენ რა ჩემს გამო, შეიძვრნენ ისინი და ძლიერი ზათქით დასკდნენ, რადგან არ განმიმზადებია ჩემთვის საგზალი მარადიულობაში, და ჩემი ქვაგულიც, გაუხეშებული სიჭაბუკიდანვე, უგრძნობელი რჩება. ვაგლახ, მე, როცა სიმართლე საშინელ განაჩენს წარმოთქვამს ჩემზე! ჩემი სიცოცხლე ანაზდად ჰქრება, ხოლო იქ არ არის სიუხვენი. მხოლოდ აქ წინა-დაედება ისინი ყველას, ვინც ცრემლთა-ღვრით და გულშემუსრვილობით ევედრება (უფალს) ცოდვათა მიტევებას. აქ ანიჭებენ ისინი ცხოვნებასა და ნეტარებას ყველას, ვინც-კი სინანულს მიუძღვანებს ღმერთს. მწარე და სავალალოა, ძმებო, ცოდვილის დღე! არანაირ ბაგეთ და არანაირ ენას არ ძალუძს გამოხატოს, თუ როგორი სამსჯავრო მოელის მას. მაგრამ თუკი განიღვიძებს იგი, საკუთარ თავს მიაპყრობს მზერას და ტირილს დაიწყებს - სულთთქმითა და მწუხარებით, მაშინ არ ეწევა განკითხვას და ნეტარებით დასტკბება სიხარულის პალატებში. |