მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა ეფრემ ასური

 

52 მაცხოვნებელი სიტყვა

 

მე-18 კვირა: „ნუ განმაგდეგ მე, ჰოი, სასოებაო მონანულთა!“

 

ბოროტად მზაკვარი მტერი სასტიკად მესხმის თავს; მოვედ ჩემს შეწევნად, უფალო მძლეველთაო! მიმძლავრებული ვარ მტრისაგან, მერევა იგი – შემეწიე მე, ძლეულს! რისთვის ეფლობი, სულო ჩემო, სატანის ნადავლო, საძაგელ საქმეთა სიმრავლეში?! გოდებით შეჰღაღადე უფალს, რათა შესმენილ იქნას შენი ლოცვა-ვედრება! ვაგლახ, მე! – დასასრული ახლოსაა; დრო ახლოვდება; ჩემი სიცოცხლე გადის და უკვე მალე დამთავრდება, ჩემმა ცოდვებმა კი წინა-მისწრეს მე სამსჯავროზე. შენი გულუხვებით მოწყალე იყავ, უფალო, ჩემდამო! ჩემი ცოდვების გულისთვის გარდამოხედ შენ (ცათაგან) დედის მუცელში და ჰგიებდი მასში; ჩემმა ცოდვებმა კი ჯვარზე აღგიყვანეს შენ. შენი წყალობით განწმიდე შეცოდებანი ჩემნი! ჩემთვის მიიღე, უფალო, წყლულები და კეთილნებელობით ჩემდამო დაბეჭდულ-იქმენ საფლავში. ახლაც მოწყალე იყავ, უფალო, ჩემს მიმართ, და მიხსენი სამსჯავროსაგან!

ვერ შევინარჩუნე მე შენგან მიღებული სიკეთენი და ჩემი ნებით აღვირჩიე ჩემთვის ბოროტი. ნუ განმაგდებ მე, სასოებაო მონანულთა! შენი მარჯვენა სამსჭვალით არის მოწყლული იმისთვის, რომ მე გავიწოდე ხელი აკრძალული ნაყოფისაკენ. ხორცითა შენითა შემირიგე მე, უფალო, რამეთუ ვსცოდე. მოვიძულე მე ჩემი სიცოცხლე, და წყვდიადის საბურველია ჩემს პირისახეზე. აღმადგინე მე, და გიხილავ შენ და მკვდრეთით აღვდგეთ. არ ძალმიძს, სინანული შემოგწირო. მხოლოდ შენ სიუხვეთ ვსასოებ, და კვლავ გევედრები: ნუ განმაგდებ მე, სასოებაო მონანულთაო!