წმიდა ეფრემ ასური
52 მაცხოვნებელი სიტყვა
მე-17 კვირა: „სულო ჩემო, სულო ჩემო, აღსდეგ! რაისათვის გძინავს?“
გაიხსენე, სულო ჩემო, რომ უმოწყალო სამსჯავრო და ჩაუქრობელი ცეცხლი მოგველის! გაიხსენე ეს და კეთილი საქმეები წაიმძღვარე სამსჯავროზე! გაიღვიძე, ჩემო საწყალობელო, ღარიბო სულო; იფიქრე შენი (სხეულიდან) განსვლის შესახებ; მოიხსენე შენი გადასახლების ჟამი და შეძრწუნდი იმ საშინელი წუთის წინაშე, როცა პასუხი უნდა მისცე მსაჯულს! შენი შემოქმედის ხატად ხარ შენ შექმნილი; მისი მსგავსება და მისი - ხატია აღბეჭდილი შენში; მაშ, გაფრთხილდი, რომ ლაქა არ მოსცხო ღმერთის ხატს და იმ მეუფის გაკიცხვა (მსჯავრი) არ მოაწიო თავს, რომლის ხატიც შეგიგინებია. აღირჩიე მხოლოდ სიმართლის ქმნა – ეს, შენთვის სასარგებლო შრომა! ისარგებლე ამ მსწრაფლწარმავალი სიცოცხლით და გამუდმებით ის შიში და შეძრწუნება გქონდეს თვალთა წინ, რაც გამოცდის დღეს მოგელის. და ოდეს მოხვალ შენ, უფალო, მთელი მსოფლიოს განსასჯელად, შენი საშინელი საყდრის წინაშე, შეგვიწყალე ჩვენ იმ დღეს და დაგვადგინე ჩვენ შენს მარჯვნივ! მაშ, ითხოვე ცოდვილო, სიუხვენი ღმრთისაგან, რათა სამართლიანი სამსჯავროს დღეს მოგიტევოს მან თანანადებნი შენნი, როგორც ცოდვილ დედაკაცს შეუნდო (კეთროვანი) სიმონის სახლში. მოვედ ცოდვილო, და სინანულში ეძიე თავშესაფარი! ლოცვა მოუტანე უფალს მსხვერპლად, მსგავსად სინანულად მოქცეული ნინეველებისა, რათა შეგინდოს მან უსჯულოებანი შენნი, ისევე, როგორც მორწმუნე ავაზაკს შეუნდო. |