| |
წმიდა ეფრემ ასური
52 მაცხოვნებელი სიტყვა
მე-16 კვირა: სინანულის მომტანს ნეტარება მოელის, ხოლო შეუნანებელს სატანჯველი
ნეტარია, ვინც გამოსწორდა სინანულით და თავისი ცხოვრებით შეავედრა თავი ჩვენს უფალს! ამ ქვეყნიდან გადასახლებული, იგი სასუფეველში მოისვენებს, წმიდანთა ნავთსაყუდელში, თავიდან აიცილებს განკითხვასა და საშინელ სატანჯველთ, რომელნიც საუკუნოდ დასჯილ სატანას მოელის. ნეტარია, ვინც ყოველთვის ცრემლებით მოიხილავს თავის უსჯულოებათ და არ დასტკბება ამქვეყნად აღსრულებულ საძაგელ საქმეებზე ფიქრით! იგი სიხარულთა პალატებში შევა და ყოველთა მართალთა და წმიდათა დასთან ერთად დასტკბება ნეტარებით ახალ, წარუვალ სამყაროში.
მაგრამ, ვაი, მე, საწყალობელს, ჩემო საყვარელნო! იმზომად ხისტი, უხეში, ქვის გული მქონია, რომ სრულიად დავივიწყე განკითხვის დღე, როცა აღარ იქნება ადგილი არც (საღმრთო მოწყალების) სიუხვეები, არც ცოდვათა მოტევება. ვაგლახ, მე, როცა იქ შეუნანებელი წარვსდგები! გაფუცებ, უფალო, შენს ჯვარს: ნუ შემმუსრავ მე ჩემი უსჯულოებებისათვის, რათა შიშით შეძრწუნებული და მთრთოლვარე არ წარვდგე შენი დიდებულების წინაშე!
მომმადლე მე, უფალო, სინანული და ცოდვათა მოტევება, განმწმიდე მე არაწმიდებისაგან, როგორც იესეს ძე (დავითი) განწმიდე. გაფუცებ შენ იმ დღეს, რომელშიც ჯვარს მიგამსჭვალეს: მოწყალე იყავ °ჩემს, ცოდვილის მიმართ, და განმწმიდე მე შენი მადლის მიერ!
|
|