მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა ეფრემ ასური

 

52 მაცხოვნებელი სიტყვა

 

მე-15 კვირა: მწუხარება უჯეროდ განვლილი ცხოვრებისათვის

 

რისთვის იუბედურებ თავს ამდენი ცოდვით, ძვირფასო სულო, და რად არ ფიქრობ განკითხვის დღეზე? ანაზდად მოგიწევს (იმქვეყნად) გადასახლება, და სასტიკ ქენჯნას დაექვემდებარები შენს მიერ ქვეყნად აღსრულებული ბოროტი საქმეებისათვის და საძაგელი ცოდვებისათვის. აღდეგ, ცრემლი ღვარე და მწარედ სტიროდე, რათა გეჰენიის ცეცხლში არ მოგიწიოს გოდება!

ვაგლახ, მე, ძმანო ჩემნო! განვეშორე მე უფალს, ჩამქრალა ჩემი ლამპარი საქორწინო ლხინის ჟამს; უკუნ წყვდიადში ჩაგდებული, უსჯულობათა სიმყრალეში ჩავძირულვარ, რის გამოც საძაგელად ვიქეცი ანგელოზთათვის და მეგობრად სატანისთვის.

ვაგლახ, მე მაშინ, როცა სიმართლე შეუდგება ჩემს განკითხვას, იმიტომ, რომ სირცხვილეულ ვიქმნები ეშმაკთან ერთად. აი, მთა-ველნიცა და ბორცვ-გორაკნიც ჰგოდებენ ჩემს გამო, რადგან მე არ მოვიქცევი სინანულად. და ნეტამც თქვენ ტირილად განგაწყოთ ამან, მსგავსად მწარედ მგოდებელი წინასწარმეტყველი იერემიასი!

ჯერ-იყო მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე სულიწმიდის სიტყვებში მეძია თავშესაფარი, მაგრამ მტერი მაბრკოლებდა ამის ქმნისაგან თავისი მზაკვრული ნებით, და მისი ნებისაებრ ვიდოდი მე მანკიერებათა გზებზე სიჭაბუკიდანვე.

ვაგლახ მე, საყვარელნო ჩემნო! ბოროტი მიყვარდა, და აი, შემაძრწუნებლად ვიქეცი მე, საწყალობელი, ყოველთათვის, რომელნიც მხედავენ. უსაზომოდ ვიურვებ, განუწყვეტლივ მივეცემი გოდებას, მწუხარებით და მოთქმით დავღვრი ცრემლს საკუთარი თავის გამო, იმიტომ, რომ ბოროტების სამკვიდრებელად ვარ ქცეული და არაფერი კეთილი არ არის ჩემში. ყოველნი წმიდანი და მართალნი მოელოდნენ, რომ მეც მათ შევუერთდებოდი, მაგრამ მე არ დამიღვრია ცრემლები ჩემს ცოდვათათვის, რომელნიც ბევრი მაქვს სიჭაბუკიდანვე.