| |
წმიდა ეფრემ ასური
52 მაცხოვნებელი სიტყვა
მე-14 კვირა: უფლის მოწყალება მონანულის თავშესაფარია
აჰა, ცრემლნი ჩემნი, უფალო – შენი სახიერების საბოძვარი!
- აჰა, ლოცვა ჩემი – წინა-წარდგომა შენი მართლმსაჯულების წინაშე! შემიწყნარე, მოწყალეო, მე – მონანული და ნუ უარყოფ ჩემს ვედრებას! მომმადლე ძალა, რომ შენს საუნჯეთაგან შევიძინო საკურნებელი ჩემი უძლურებებისათვის. თუ შენ არ შეისმენ ჩემს ვედრებას, მტერი მეტყვის: აბა, რა სარგებლობა მოგიტანა შენ, რომ ასე შეაჭირვე მსაჯული შენი თხოვნებით? არცხვინე იგი, უფალო, და განმწმიდე მე ცოდვისაგან! და არ დაუშვა, რომ კვლავ ჩავვარდე ცთუნებაში და შენ შორით ადევნებდე თვალს ჩემს ბრძოლას; არამედ თავად იბრძოლე ჩემთან ერთად და მასწავლე მტრის ძლევა! შენი სიმართლით წარხოცე ჩემი დანაშაულნი; ჩემი მცველი, მფარველი იყავი და დამიბრუნე მე ცხოვრება, იმიტომ, რომ შენ შეგივრდები! უკიდურესად ვარ შეჭირვებული, ჩემო მსაჯულო. ცოდვილის სული გევედრება შენ. მოიხილე ჩემს მწუხარებაზე, შურისმგებელო მიმძლავრებულთათვის! მანახე შენი კარები, რათა შემეძლოს ვირეკდე მასზე; მიჩვენე შენი მოწყალება, რათა შემეძლოს, მივმართო მას, იმიტომ, რომ შენი მოწყალება მეოხ-მყოფელობს მონანულთათვის. შენს მხრებზე მსურს ყოფნა, კეთილო მწყემსო. შენ ხომ გჩვევია, მხრებზე შეისვა წყმედულნი ცხოვარნი, როცა ჰპოვებ მათ.
მაშ, გამოავლინე ჩემზე, უფალო, შენი მზრუნველობა! გამომიყვანე მე უდაბნოდან, რომელიც აღსავსეა დაბრკოლების ლოდებით, და დამამკვიდრე შენს მწვანვილოვან, აყვავებულ საძოვრებზე!
|
|