მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა ეფრემ ასური

 

52 მაცხოვნებელი სიტყვა

 

მე-13 კვირა: სინანულს არ სჭირდება არც ვადა, არც ხანგრძლივობა

 

თუკი მონანული თავის მოქცევის შემდგომაც ცოდვაში შთავარდება, დაე, კვლავაც სინანულს მიმართოს: იგი განუხსნის მას ცოდვისმიერ საკრველებს. სინანულს არა აქვს განსაზღვრული დრო და არც მის ხანგრძლივობას აქვს დადებული სამანი, იმიტომ, რომ არ არსებობს ისეთი დრო, რომელიც შესაფერი არ იქნებოდა სინანულისათვის. ათასგზისაც რომ შესცოდო, მაგრამ შემდეგ კვლავ მიმართო სინანულს, ისევ განიწმიდები შენს მიერ ჩადენილ უსჯულოებათაგან. რამდენჯერაც უნდა დაეცე, ყოველთვის დაგრჩება შესაძლებლობა, გამოსწორდე, ოღონდ თუკი ნამდვილად მოისურვებ ამას. თუ ადამიანს ცოდვის ჩადენის შემდეგ სურს გამოსწორდეს, დაე, შენდობას ევედროს უფალს: მკურნალის კარნი დახშული არ არის მონანულთათვის. უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მცნება დაგვიდო: (დღეში) შვიდჯერ სამოცდაათგზის შეუნდე შენს ძმას შეცოდებანი მისნი! მაშ, რამდენგზის უფრო მეტ შეცოდებებს შეუნდობს თავად უფალი მონანულს?! უფალი მოწყალეა; მას სიამოვნებს, მოწყალედ მოხედოს ადამიანს და აცხოვნოს იგი.

ამიტომ მოუკლებელად, შეუსუსტებლად ევედრე მას მოწყალებას და ითხოვე შენთვის მისნი სიუხვენი: იცოდე, რომ უფალი არ იღლება, როცა მოგიტევებს თანანადებთა შენთა. შენ რომ ყოველდღიურად იწყო შექმნა და რღვევა, ღმერთი მაინც არ მოიძაგებს შენს გულწრფელ ლოცვას, ოღონდ კი შეუვრდი და შეჰღაღადე მას.