მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა ეფრემ ასური

 

52 მაცხოვნებელი სიტყვა

 

მე-12 კვირა: მხოლოდ ის მოიპოვებს ცხოვნებას, ვინც ზრუნავს ამისთვის

 

გულმოდგინედ, მცონარების გარეშე ევედრება ყოველი სული უფალს სიუხვეთა მონიჭებას, და იგიც წრფელი სიყვარულით უპასუხებს მათ. მეძავი ქალიც ირეკდა სინანულის კარებზე და ცოდვათა მოტევება მიიღო მოწყალე უფლისაგან. დაე, ნურც ერთი ცოდვილი ნუ მიეცემა სასოწარკვეთას: აკი სასოწარკვეთაში ჩავარდნის გამო იქნა იუდა განგდებული მოციქულთა დასიდან.

მეძავ ქალს თავის თავზე რომ არ ეზრუნა, იგი ვერ განიწმიდებოდა ცოდვებისაგან; ამიტომ თუკი ჩვენც, მის მსგავსად ვეცდებით ამას, ასევე ღირს-ვიქმნებით ცოდვათა შენდობისა. ხოლო თუკი არ მივბაძავთ მის მზრუნველობას, მაშინ ვინ და როგორღა მოგვიტევოს შეცოდებანი?! იცოდე, კაცო, რომ მხოლოდ ახლა, ჩვენს სიკვდილამდე გვაქვს კიდევ დრო სინანულად მოქცევისათვის.

ამიტომ შეუეჭვებლად მიატოვე ცოდვები, და როცა ილოცებ მათი შენდობისათვის, გწამდეს, რომ უსათუოდ მოგეტევება! დღეში შვიდჯერ სამოცდაათგზისაც რომ შესცოდო, უწყოდე, რომ ღმერთი არ დახშავს შენს წინაშე თავისი მოწყალების კარებს, – ოღონდ კი შეინანე! უფალი უხვია და ყველა მთხოვნელს აძლევს, რაც - საჭიროა: იგი არც შენ უარგყოფს და შენც მოგცემს, თუკი თხოვნით მიმართავ მას. მაშ, ცრემლთა ნაკადულები დაღვარე, ჰოი, ცოდვილო, იმ ცოდვათა გამო, რომლებიც მოგმძლავრებიან და გთრგუნავენ; მკვდარივით დაიტირე ისინი, დასაფლველად განაგდე შენგან და მთელის სულით და გულით შესწირე სინანული კაცთმოყვარე ღმერთს.