მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა ეფრემ ასური

 

52 მაცხოვნებელი სიტყვა

 

მე-11 კვირა: შემუსრვილი გულის ცრემლები სინანულის დასაბამია

 

„ყავთ უკუე ნაყოფი, ღირსი სინანულისაი!“ — მოგვიწოდებს იოანე ნათლისმცემელი (მათე 3,8). და აი, მე მომაქვს ნაყოფი სინანულისა და რწმენისა. შენს წინაშე ვღვრი მე, უფალო, ცრემლებს ჩემი უსჯულოებების გამო – წარხოცე ისინი, და მომეც მე ხელით წერილი ჩემი! ნუ დაუშვებ, რომ განვიხრწნა ჩემს წყლულებში, რომლებითაც ჩემი ნებელობაა დაფარული!

ჰოი, მკურნალო, ნუ შეგეზიზღება ჩემი უარაწმიდესი წყლულები! ნუ დაუშვებ, რომ მონადირებულ ვიქმნე ბოროტის ბადეებით, რომლებშიც ჩემი ფერხნია გახლართული, ჰოი, ღვთაებრივო მესათხევლევ, ვისაც შენი ბადენი გადმოგიშლია ადამიანთა მოსანადირებლად! ნუ დაუშვებ, რომ საკრველებში შთავვარდე, რომლებითაც ჩემი თავისუფლებაა შეკრული! ჰოი, მეუფის ძეო, რომელმან ცოდვის საპყრობილედან გამოგვიყვანე ჩვენ, საწყალობელი ტყვეები! დაე, ნუ შემოსახლდება ჩემში მზაკვარი, ვისაც დატყვევებული ვყავდი! დაე, ნუ გაიხარებს ჩემზე სატანა იმით, რომ წარმიტაცა მე! დიდხანს ვიყავი მე ტყვეობაში; ახლა კი საპყრობილედან შენს სახლში ვბრუნდები. დატყვევებული ადამის გულისთვის მოხვედ შენ ჩვენს მხარეში, ქვეყანაში, უფალო, ვითარცა მსტოვარი და გამოიყვანე იგი ძლიერი ბანაკიდან. წყმედული ცხოვარისათვის მოგიყვანა შენ საღმრთო უხვებამ მკვდართა სამკვიდრებელში, და შენც გამოსტაცე იგი მტანჯველი სიკვდილის კლანჭებს. ერთი შეძენილი ცხონებული სულისთვის აიძულებ შენ ცასა და ქვეყანას – განიხარებდნენ.

მაშ, ჩემზეც განიხარე, უფალო, ვითარცა ერთ წყმედულ ცხოვარზე, რომელიც კვლავ შეგიძენივარ საუკუნო ცხოვრებისათვის! მე ცოდვილი ვარ. ავაზაკებმა წარმტაცეს შესამოსელი, მზაკვარმა აღარაფერი დამიტოვა, გარდა ჩემი რწმენისა! მოწყალე იქმენ, უფალო, ჩემზე, ვისაც მწადია შენს სახიერებაში ვპოვო ჩემი თავშესაფარი.