წმიდა ეფრემ ასური
52 მაცხოვნებელი სიტყვა
მე-10 კვირა: სულის გამოღვიძება სულიერი ძილისაგან
ჩემზე მოჰფინე, უფალო, ძეო მწყალობელისაო, შენი მოწყალება, და განმადიდე მე! განვეშორე მე მართალ გზას, ვიღუპები, ვკვდები სულით. ხოლო შენ, უფალო, მომმადლე მე, რომ კვლავაც პოვნილ ვიქმნე, შეგეძინო და გადავურჩე სიკვდილს ანგელოზთა სიხარულად და დემონთა შესარცხვენად! ნუ განმაგდებ მე, საწყალობელს, - შენი სისხლით გამოსყიდულთაგან: მე ვჭამდი შენს ხორცს, ვსვამდი შენს სისხლს და მწამს, რომ ვცხოვნდები შენი სიკვდილისა და აღდგომის ძალით. და შენ, უფალო რომელმა შენი სიკვდილით მოაკვდინე ჩვენი მკვლელი, ცოდვაც მოაკვდინე ჩემში, რათა შენს მიერ მივიღო ხსნა! მართალთა გულისთვის არ ყოფილა, უფალო, შენი მოსვლა ამქვეყნად, არამედ ცოდვით მოწყლულთა საკურნებელად გარდამოჰხედ შენ, აღძრული ამად შენი მოწყალებით. მეც ცოდვით მოწყლულთა შორის ვარ: ჩემი წყლულები ჩირქითაა სავსე. განმკურნე მე, უფალო, და წამგვარე სულიერი ტანჯვა! რამეთუ სულიერი სიკვდილით მოვკვდები, თუკი მალე არ მომენიჭება შენი სიუხვეები. და შენ, უფალო, რომელსა ცხოვნება გიხარის ჩვენი და არა – სიკვდილი, მეც ამარიდე სიკვდილი, რათა შემეძლოს, ვცხოვნდე. ძალდატანებით როდი დამადე, უფალო, ქედზე შენი უღელი, – მე თავად ვიდე იგი ქედს, რათა ნებაყოფლობით გემსახურო. მაგრამ ის თესლი, რომელიც მივიღე, რათა მოვიმკა და შევიკრიბო მისგან ნაყოფები, მე არ დამითესავს ჩემს ყანაში და არ მომიმკია მისგან ორმაგი ნაყოფნი, რის გამოც უდებთა შორის შევირაცხე. და აი, მე განვიღვიძე ძილისაგან, უფალო; შემიწყნარე მე, აქამომდე უზრუნველი, და განკურნე ჩემი უძლურებანი და შეფარული ცოდვები! |