წმიდა ეფრემ ასური
52 მაცხოვნებელი სიტყვა
მე-9 კვირა: ნუ უარყოფ, უფალო, ჩვენს ვედრებებს!
განგვინათლე გულები, უფალო, და გვასწავლე სვლა შენს სჯულში! იყავი ჩვენდა მზე, რათა შენით განვბრწყინდეთ ქვეყნიურ მწუხრში! შენ, მაცხოვარი ჩვენი, გამოგვიბრწყინდი სულებში, რათა არ განვდრკეთ შენი სწავლებისაგან! ვიცით, უფალო, თუ რაოდენ დიდია ჩვენი უმართლობა. მაშ, შენმიერი სიმართლით განანათლე ჩვენი თვალები, მზეო სიმართლისაო, და გამოგვიწოდე სიუხვით აღსავსე შენი ხელი! ნუ უარყოფ ჩვენს ლოცვებს, იმიტომ, რომ გამოსყიდულნი ვართ შენი ცხოველსმყოფელი სისხლით. შევცოდეთ ჩვენ და განგარისხეთ, და ახლა გულშემუსრვილნი ვღვრით ცრემლებს და ვტირით ჩვენი ცოდვების გამო. მოგვიტევე ჩვენ თანანადებნი და შეგვინდე შეცოდებანი, სახიერო, რომელმა ჩვენი უმართლობების სიმძიმე იტვირთე! ღირსნი გაგვხადე, უფალო, რომ მკვდრეთით აღდგომის დღეს არ გვრცხვენოდეს, პირისახეში შემოგხედოთ, და გამოგვივლინე ჩვენ შენი კეთილმოწლეობა, რამეთუ მდიდარი ხარ შენ სიუხვეებით. ნეტამც ჩვენზე გადმოიღვაროს შენი სიუხვენი და გვიხსნას ჩვენ გეჰენიის ცეცხლისაგან! შენ შეგივრდებით, ქრისტე ღმერთო, მონანულთა მეგობარო, რომელი მოხვედ წოდებად ცოდვილთა. შეგვიწყნარე და შეგვიტკბე ჩვენ, შენს სიუხვეთა კარებზე მრეკავნი, და ღირსგვყავ იმისა, რომ გულწრფელად შევინანოთ სიტყვითაც და საქმითაც! დაგვაყენე შენს გზაზე, ცხოვნების გზაზე და მოგვანიჭე ცოდვათა მოტევება ჩვენ ყველას, რომელნიც შენდობას გევედრებით! |