მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა ეფრემ ასური

 

52 მაცხოვნებელი სიტყვა

 

მე-7 კვირა: ადამიანი ამა ცხოვრების ზღვაში მოგზაური მეზღვაურია

 

მონანულთათვის გაღებულია კარები, და არ არის ისეთი დრო, რომ მოწყალე ღმერთი არ შეისმენდეს მათსას. მომმადლე მე, უფალო, სიფხიზლე ლოცვაში, რათა შენი კარები განეღოს ჩემს ვედრებას! შიში მიპყრობს, რადგან შიშველი შევსულვარ ზღვაში, რომელიც თავისაგან განაგდებს მოცურავეთ.

ავედი მე ხომალდზე, რათა მევაჭრა და საუნჯე შემეძინა; მაგრამ ზვირთები აღიმართნენ ჩემზე და ჩავიძირე ზღვის მღელვარებაში. შიშველი შევედი მე ზღვად ცხოვრების დასაწყისში, და, აჰა, შიშველსავე გამომაგდებს მე იგი ცხოვრების მიწურულს. შფოთავს და მძვინვარებს უსჯულოება, რაც ამა სოფლად – მწუხარებათა ამ სამკვიდრებელში აღესრულება. ზვირთებზე უფრო მძაფრად მღელვარებენ ქვეყნად აღგზნებული ვნებები; მაგრამ სათნოთათვის ახლოვდება დრო, როცა მათი ხომალდი ნავთსაყუდელში მოისვენებს. მსოფლიო მსწრაფლ-წარმავალ სიზმარსა ჰგავს; დღენი მისნი იგივეა, რაც აჩრდილი. მწუხრი სწრაფად გადის, დილა – ხანმოკლეა, და მისი ჟამებიც უწყვეტად გარბიან დასასრულისაკენ. მაშ, იჩქარე, ცოდვილო, ხსნა მიიღო, სანამ ჯერ კიდევ დღის სინათლე გინათებს! სამსჯავრო სამართლიანია, და მსაჯულიც მართალია! სამართლიანია სიმართლის მეუფის სამსჯავრო, სადაც დამსახურებისამებრ აღიწონება თითოეულის საქმე და საქმეთაებრ მიეზღვება ყველას მისაგებელი. უსჯულოებათა მოქმედნი განკითხვის ამ დღეს უნუგეშო სინანულით დაიტანჯებიან, კეთილმსახურების მოღვაწენი კი სიხარულით დასტკბებიან სამუდამო მხარეში.