წმიდა ეფრემ ასური
52 მაცხოვნებელი სიტყვა
მე-6 კვირა: სულის მდგომარეობა სინანულის წინ
მოჰმადლე, უფალო, სულს ძალა, არასდროს ივიწყებდეს თავის ცოდვებს, რათა სიკვდილი არ ბატონობდეს მასზე! ვნებათამიერი ცდუნების გზით სულში შეცდომილება შემოდის და აშფოთებს მას; ამის შედეგად იგი ივიწყებს თავის ცოდვებს და შეუმჩნევლად წარიტაცება ახალი მანკიერებებისაკენ, და რაკი ივიწყებს და ვერ გულისხმა-ჰყოფს თავის საქმეთ, ამიტომ ტანჯვასა და მწუხარებას ეწევა. მაშინ სიკვდილი შემოიჭრება მასში და წყვდიადის საფარველში ჰბურავს მას, რათა სულს არაფრის დანახვა არ შეეძლოს, მზაკვრულად შემოსავს მას ამ საფარველით და მერმე, წყვდიადში, უჩვენებს ცოდვას, რათა სული მას მიეკრას და მოაკლდეს თავის დიდებულ საღმრთო სიმშვენიერეს. სიკვდილი მწარე მოწყინებასა და სასოწარკვეთას ჩაჰღვრის სულში და განდევნის მისგან სიმწინდეს, უზაკველობასა და სიმშვიდეს, ხოლო მშფოთვარებად მოყვანილი სული სცოდავს და თავად ვერაფერს ამჩნევს, იმიტომ, რომ შეცთომილებათა წყვდიადში ტრიალებს, როგორც ბოროტისაგან შეპყრობილი, და ამ შეპყრობილებაში კარგავს სათნოებათა გზას. თავისივე ბრალია, რომ უმართლობის ღრუბელი შეუმოსავს და ცოდვებში დაეხეტება, ისე, რომ ვერ გულისხმა-ჰყოფს თავის საქმეთ და ვერ ამჩნევს გარემომცველ წყვდიადს. მაგრამ როგორც კი შეეხება მას ყოვლის განმაცხოველებელი საღმრთო მადლის სხივი, სული უმალ შეძრწუნდება, გულისხმა-ჰყოფს თავის საქმეთ, გაიხსენებს ჩადენილ ცოდვებს და ბრუნდება სახიფათო ბილიკიდან მაშინ ცხადად ხედავს - სული თავის უმართლობებს, შეიმეცნებს სიბილწეთა მთელს სისაძაგლეს, რომლებითაც მანამდე ერთიანად მოცული იყო, და ძალზე სურს რა დაიბრუნოს დაკარგული სიმშვენიერე, თრთოლვით ილტვის წყვდიადიდან ნათლისაკენ, ცრემლთა ნაკადულებს ჰღვრის და მაცხოვნებელ სინანულად მოიქცევა. |