წმიდა ეფრემ ასური
52 მაცხოვნებელი სიტყვა
მე-5 კვირა: საღმრთო მოწყალების კარი ყოველთვის ღიაა მონანულთათვის
შენ გევედრები, უფალო, და შენთა კართა ზედა ვირეკ, სახიერო! უტყუარია შენი აღთქმა, უფალო: „ირეკდით, და განგეღოს თქვენ“ – ო (მათე 7,7). დახშული არ არის შენი კარები; დაე, მოვიდეს ცოდვილი და ირეკდეს! ყოველთვის ღიაა იგი მართალთათვის და ცოდვილთათვის. შენ თავად მიუთითებ ცოდვილს შენს კარებზე, რათა მან შემოგღაღადოს, გააღოს და შემოვიდეს. შენი სიყვარული დიდად აღძრავს მვედრებელს, გულმოდგინედ ეძიებდეს შენს საუნჯეთა მოპოვებას. და აჰა, მეც გევედრები, უფალო, როგორც შენ მასწავლე: მომმადლე მე, ღმერთო, შენი წყალობა შენი აღთქმისაებრ! აჰა, მეც ვირეკ კართა ზედა, როგორც შენ დამმოძღვრე. მაშ, განმიღე მე, უფალო, ვითარცა გითქვამს! ოქროს როდი გთხოვ, უფალო, რამეთუ უმართლობის მამონა თავად უკეთურებაა. წარმავალ სიკეთეთ როდი გევედრები, რამეთუ ისინი ვერ შემძენენ მე საუკუნო ცხოვრებას. ცოდვათა აღიარება ოქროზე უმჯობესია, თხოვნა საუნჯეებზე უფრო ძვირფასია, სიღარიბე უცოდველობაში სიმდიდრეს გვერჩივნოს! მდიდარი იქ (საიქიოში) სიხარულით დასთმობდა მთელს თავის ოქროს გლახაკი ლაზარეს სიღარიბის გვირგვინის მისაღებად. კაცი რომ კვდება, თან ვერაფერი მიაქვს; რომ მიჰქონდეს, მაშინ მთელს თავის ქონებას მისცემდა ერთი წვეთი წყალისთვის! ჰოდა, მეც წავალ და მეზვერე ზაქეს შევუერთდები, რომელმაც გულშემუსრვილმა გაღიარა შენ, უფალო, და განმართლებულ იქმნა შენს მიერ! შევუერთდები იმ არაწმიდა მეძავ ქალსაც, რომელიც ტიროდა შენს წინაშე, და შეწყალებულ იქმნა! |