მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა ეფრემ ასური

 

52 მაცხოვნებელი სიტყვა

 

მე-4 კვირა: კეთილ საქმეებს სასუფევლის სავანეებში შევყავართ

 

ნეტარ არიან ისინი, რომელნიც მოწოდებულ იქმნენ ქორწილად და შევიდნენ სიძესთან. მაგრამ, ვაი, იმას, ვინც სპეტაკი სამოსელით არ ცხადდება დიდებულ პურობაზე: შეკრული განიგდება იგი გარესკნელში, სადაც მარადის განუფანტავი წყვდიადია. ოჰ, ნეტამც მეც შევიდე ქორწილად და ვნახო, თუ ვით შემვედრებს შენი მოწყალება შენს სიმართლეს და როგორ შეიწყნარებს ეს სიმართლე, – მრისხანე ცოდვილთათვის, – მოწყალებითს მეოხ-მყოფელობას ჩემთვის. და თუკი შენი უსაზღვრო სიუხვე შემიწყალებს მე, უღირსს, მაშინ ნეტარი ვიქნები შენს სავანეში.

ნეტარ არიან ხუთნი ბრძენნი ქალწულნი, რომელნი ქორწინებად შევიდნენ სიძისა თანა: აღნთებულნი იყვნენ რა მგზნებარე სიყვარულით ქრისტესადმი, ისინი მღვიძარებდნენ და უხვად მოიმარაგეს ზეთი ლამპართათვის. ხოლო, ვაი, სულელ ქალწულებს, რომელნი გარე დარჩნენ და ვერ შევიდნენ ქორწინებად. მათ ეძინათ, და მათი ლამპარნიც ჩაქრნენ. და როცა გამოიღვიძეს, ირეკდნენ კართა ზედა, მაგრამ არავინ არ განუღო მათ.

ცათა სასუფევლის დიდებულნი დარბაზნი ღიაა! ისინი ვრცელზე უვრცესნი არიან და დაიტევენ ყველა მეინახეს. ხოლო გეჰენიის სავანე ვიწროა, და არ არის მასში სივრცე: იგი ერთიანად არის აღსავსე უკეთურთა სხეულებით. პირველთ არა აქვთ ნეტარების ნაკლულება, მეორეთ კი – გლოვისა და ურვისა, იმიტომ, რომ მსაჯული სამართლიანია, და მისი წყალობის სიუხვე არ გადაიღვრება იმათზე, ვისაც არაფერი კეთილი არ უქმნია.

მაშ, შევიძინოთ, საყვარელნო, გულისმიერი სინანული, იმიტომ, რომ იგია ყოველი სიკეთის აღმომაცენებელი და მას ძალუძს ჩვენი ცოდვების წარხოცვა! სინანული მოვუტანოთ მსხვერპლად უფალს ჩვენ, ცოდვილებმა, და ცრემლებით წავშალოთ ჩვენი ცოდვების ხელითწერილი!