მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა ეფრემ ასური

 

52 მაცხოვნებელი სიტყვა

 

მე-3 კვირა: სინანულისათვის

 

ოდეს სინანულს შეუდგები, მთლიანად განაგდე მზაკვრობა! როცა ებრაელებმა შესცოდეს, მოსემ ბრძანა, გველი ეცვათ ჯვარს, ანუ მოესპოთ ცოდვა.

სინას უდაბნოში 40-წლიანი მოგზაურობისას აღთქმული ქვეყნისაკენ, ცოდვილი ისრაელიანნი დიდად ევნებოდნენ გველთა ნაკბენებისაგან. მოსემ ამის საკურნებელად სპილენძის გველი ჩამოასხმევინა და მაღალ ბოძზე მიამაგრებინა ჯვარის სახედ! – და ვინც რწმენით შეხედავდა მას ქვეწარმავალთაგან დაგესლილთაგან, აღარ კვდებოდა! ეს იყო ძველ აღთქმაში ჯვარის ერთ-ერთი წინასახე!

ეს (რვალის, ანუ სპილენძის) გველიც მან ფუტურო, ცარიელი კი არ გააკეთებინა, არამედ – ჩამოსხმული და მთლიანი. ამით შენც გიჩვენა, რომ აუცილებელია სრულიად განეშორო მზაკვრობას. ვინც მხოლოდ გარეგნულად, მოსაჩვენებლად აღასრულებს სინანულს, ის ერთს კი არა, მრავალ ცოდვას სჩადის, იმიტომ, რომ სხვებსაც განაწყობს ოდენ გარეგანი სინანულისათვის. ასეთი ადამიანი კაცობრივი ღირსების შეურაცხმყოფელზე ბევრად უარესია, იმიტომ, რომ უტიფრად ბედავს, ღმერთს დასცინოს! ესევითარს არათუ არ მიეტევება ცოდვა, არამედ ემატება კიდეც! იგი პირმოთნეა, და არა – კეთილმოშიშების მსახური. იგი აბუჩად იგდებს საღმრთო მოწიწებას და უკეთურად იქცევა; თავის თავში მხოლოდ ნიღაბს ატარებს კეთილზნეობისა, სინამდვილეში კი მხოლოდ ის ძალუძს, რომ გააცინოს მტერი.

შენს მომართ არის ჩემი სიტყვა, ჰოი, მონანულო! — შენ მტკიცე სინანული უნდა აღუვლინო უფალს! მთელის გულით უნდა შეინანო, რათა შესძლო შენდობის მიღება. როცა ცოდვებს ინანიებ უცვალებლად იგივე უნდა იყო, რაც ხარ. ხოლო თუ შეიცვლები, ამით თავადვე იმხილები იმაში, რომ შენს გონებითს განსჯაში არ ყოფილა მტკიცე საფუძველი სინანულისათვის. ნუ მოიქცევი ჯამბაზისა თუ მატყუარის მსგავსად, ნუ იფიქრებ, რომ არის ჟამი, განკუთვნილი ღმერთისთვის, როცა შენ სიბრძნეში უნდა წარემატო, და არის ჟამი, განკუთვნილი ეშმაკისათვის, როცა ცოდვას უნდა მიეცე. ნუ გეგონება, თითქოსდა არსებობდეს დრო კეთილმსახურებისათვის და დრო უსჯულოებისათვის. ვინც ასე ფიქრობს, მას სინანულის მსხვერპლი სკოლის მოწაფესავით მოაქვს, რომელიც, გაწკეპლილი, მხოლოდ იძულებით ტირის, და არა თავისი ნებით.

ხოლო შენ მტკიცედ შეუდექი სინანულს, და არა – პირმოთნედ. ნიშანი მტკიცედ, ჭეშმარიტად მონანულისა ეს არის: მისი ცხოვრების წესი მკაცრი ხდება, ქედმაღლობა, დიდი წარმოდგენა საკუთარ თავზე უქრება; გონება და სულიერი თვალნი ყოველთვის სასურველი იესო ქრისტესკენ აქვს მიმართული და იგი ერთიანად აღსავსეა ნდომით ახალ ადამიანად, ახალ კაცად შეიქმნას ქრისტეს მადლით ისევე, როგორადაც მატყლი ხდება სრულიად სხვა, როცა მეწამულ თუ ცისფერ ქსოვილად გადაიქცევა.