მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა ეფრემ ასური

 

52 მაცხოვნებელი სიტყვა

 

მე-2 კვირა: ცოდვაში ჩავარდნილნი სასოწარკვეთილებას არ უნდა ეძლეოდნენ

 

მიიღე რჩევა, ცოდვილო, რომელიც ცხოველმყოფელია შენთვის და შენი სულისა და სხეულის გაწმენდას წაადგება! ღმერთი მოუდრეკელ, შეუნანებელ ცოდვილებს სჯის, და არ დაუშვებს კეთილად მორჩილ, მონანულთა დაღუპვას. მაშ, ისწრაფე, შეინანე, ილოცე და გადაირჩინე თავი! უფალი ყოველთვის განმზადებულია მონანულ ცოდვილთა შესაწყალებლად და შესაწევნელად. იგი არ აყოვნებს ხსნას, აძლევს მთხოვართ, განუღებს მოწყალების კარზე მრეკავთ, მოსცემს უქონელთ, ხელს უმართავს გაჭირვებულთ, უწვდის ხელს, რათა იხსნას ისინი, რომელნიც ცხოვნებას ეძიებენ.

მაშ, შენც, შემცოდევ, შეინანე და შეუვრდი მაცხოვარს, რომელიც ყველას განკურნავს, ვინც კი სინანულითა და სრული რწმენით მიეახლება მას! თუკი შენ დაეცი, აღდეგ და მოიქეც, ილოცე, ევედრე, შეუვრდი, ეძიე, ითხოვე და მიიღე; დარწმუნდი იმაში, რაც მოგემადლა; თაყვანი ეცი, შეევედრე ხსნას, მოწყალე-ჰყავ ის, ვისაც სურს მოცემა და ძალუძს ხსნა! ხოლო ხსნილი, განსაცდელს გადარჩენილი, ნუღარ დაჰკარგავ მოპოვებულს; თუ შესცოდავ, გამოისყიდე, წარხოცე ცოდვა სინანულის მსხვერპლით! როცა განიკურნები, ჯანსაღად ჰგიებდე! სიმართლესა და ხსნას რომ მიიღებ, ზურგი აქციე იმ სნეულებას, რომლისაგანაც უფალმა განგკურნა! კვლავ ნუ ჩაეფლობი იმ ლაფში, რომლისგანაც ესესაა თავი განგიბანია! კვლავ ნუ აღაგზნებ ვნების იმ ცეცხლს, რომელიც უკვე ჩაგიქვრია, – იმიტომ, რომ ერთი გვაქვს ჯვარი, ერთი – სიკვდილი, ერთი – მადლი, ერთი – ტანჯვა და ერთი მკვდრეთით აღდგომა!