წმიდა ეფრემ ასური
52 მაცხოვნებელი სიტყვა
1-ლი კვირა: სინანული ცხოვნების დედაა
სასოწარკვეთილებას არ უნდა ვეძლეოდეთ, ძმებო, ჩვენ, ვისაც დედად სინანული გვყავს! ხსნის იმედს არ უნდა ვკარგავდეთ, საყვარელნო, როცა ასეთი დედა გვანუგეშებს. მას ყოველთვის ეწყალვოდა კაცთა მოდგმა და გველის მიერ მონადირებულთ კვლავ სამოთხედ შეიყვანდა ღმერთთან. და განა ჩვენგან იბრუნებს ახლა პირს?! მან შეიწყალა ისინი, როცა ეკლესიის გარეთ იყვნენ; და განა ჩვენ არ მოგვხედავს წყალობით?! იგი რჩევა-შეგონებით მიმართავს იმათ, ვისაც ჯერ არ ურწმუნია; და განა ჩვენ უარგვყოფს, უკვე აღვსებულთ რწმენით?! სასურველის მოპოვების იმედით არავინ დაღუპავს იმას, რაც უკვე ხელთ უპყრია. მაშ, როგორ დათმობს მამა-ღმერთი იმათ, ვინც მას თავისი ძის სისხლით შეუძენია?! ადვილად არავინ განაბნევს იმას, რაც დიდი შრომით აქვს შეკრებილი. მაშ, ღმერთმაც, დანანების გარეშე როგორ უარყოს ისინი, ვინც წარმართთაგან შეიძინა მოციქულთა ღვაწლით?! მან სინანული მოგვმადლა ჩვენ, ვითარცა განმწმედელ-მაკურთხეველი წყალი. თუკი რაიმეში შევცოდავთ, სინანულით განვიბანებით და კვლავ უბიწონი ვხდებით. სინანული, საყვარელნო, უდიდესი ბრძმედია, თავის წიაღში რომ სპილენძს იღებს და ოქროდ გადააქცევს; ტყვიას მიიღებს და ვერცხლად გვიბრუნებს. |