მთავარი მწყემსი კეთილი სარჩევი

 

წმინდა დიმიტრი როსტოველი


ვის გამო დგას ქვეყანა?


ათი მართლის გამო, თუკი ისინი მოიძებნებოდნენ სოდომში, ღმერთმა აბრაამს აღუთქვა ამ ქალაქისა და მისი შემოგარენის დანდობა; და ერთადერთი მართალი ლოთეს გამო, ვიდრე ის მასში ცხოვრეობდა, უფალი შემწყნარებელ-ექმნებოდა ამ უსჯულო ქალაქს: აი, რამდენად სარგებლობის მომტანი არიან მართალი ადამიანები თითოეული ქალაქისთვის, თითოეული ქვეყნისთვის, თითოეული სამეფოსთვის და რამდენად დიდი უბედურებები მოიცავს ხოლმე ქალაქსაც, ქვეყანასაც და სამეფოსაც, თუკიღა მასში ერთი მართალიც კი არ მოიძებნება. დიახ, სარგებლობის მომტანი არიან იმ მხარისთვის მართალნი, სადაც კი ისინი სახლობენ, სასარგებლონი არიან ორმაგად: პირველ ყოვლისა, თავისი ცხოვრებითა და სამოძღვრებელი სიტყვით, მეორეს მხრივ – ლოცვებით. თავისი სათნო ცხოვრების მაგალითითა და სულიერი დარიგებებით მათ ცოდვილი ადამიანები ცოდვიდან ღვთის სათნო ცხოვრებაში მოჰყავთ. იგინი – წინამძღოლნი არიან ბრმათა და გზაშეცდომილთათვის, ისინი – მესაჭენი ზღვათაღელვაში მოხვედრილთათვის, შუქურანი – ბნელში მყოფთათვის, ციური მნათობები – ყოვლისა სოფლისათვის, როგორადაც მიმართავს მათ მოციქული: „ნათობთ როგორც მნათობნი სამყაროში“ (ფილიპელთა 2,15). თავად უფალიც ეტყვის მათ სახარებაში: „თქვენ ხართ ნათელი ქვეყნისა“. მათ მიერ სულიერად დაბრმობილებს თვალი ეხილებათ, მათთან სჳნიდისით დასნეულებულნი განიკურნებიან, მათგან ამაო სოფლით ვნებულნი წარემართებიან – ღვთის მყუდრო ნავთსაყუდელებისკენ, თუკიღა მიჰხედავენ მათ ღვთისსათნო ცხოვრებას და ცდილობენ მათ მიბაძვას.

ამბა დოროთე თავის წიგნში გვიამბობს. ძმამ ერთ ბერს ჰკითხა: „რა მოვიმოქმედო, მამაო, ღვთის შიში რომ მქონდეს?“ ბერმა უპასუხა: „წარვედ, და ისეთ ადამიანთან იცხოვრე, რომელსაც თავად აქვს ღვთის შიში“. იგივე შეიძლება ითქვას ნებისმიერ სხვა სათნოებაზეც. გსურს შეითვისო უბიწოება? მივედ, და დაუმეგობრდი უბიწო ადამიანს და ყველაფერში ჰბაძევდი მას. გსურს მშვიდი, მორჩილი, უბოროტო იყო? დაუძმობილში მშვიდს, მორჩილს, უბოროტოს. ნუუკუე ეძიებ სულიერ სიბრძნეს? ხშირად უბნობდე სულიერი ცხოვრების მიმდევრებთან: დავითის სიტყვისაებრ, მათგან დაისწავლი ღვთისსათნომყოფელობას: „გულმართალთან გულმართალი იქნები“ (ფსალმუნი 17,26). მართალთან ერთი მხოლოდ თანაცხოვრება, თანამეზობლობა გამოასწორებს ცოდვილს, ოღონდ კი ცოდვილი მართლის ცხოვრებას მიჰხედავდეს. „მეფეთა წიგნში“ ვკითხულობთ, რომ ერთხელ გარდაცვლილის გვამი ელისე წინასწარმეტყველის აკლდამაში შეაგდეს, და როგორც კი შეეხო წინასწარმეტყველის ნეშტს, მკვდარი მეყვსეულად განცოცხლდა და ფეხზე წამოდგა. თუკი მართლის ნეშტთან შეხებისას მიცვალებულის სხეულმა სიცოცხლე მიიღო, მით უფრო ცოცხალ მართალთან ურთიერთობაშია შესაძლებელი, რომ სინანულში მოვიდნენ ცოდვათაგან მკვდრადქმნილნი, გარდა იმათი, ვისი გულებიც ბოროტებისაგან გასასტიკებულა, როგორც ქრისტე უფლის მიმართ იუდა ისკარიოტელისა და ლოთეს თანამედროვე სოდომელებისა, მათდა უფრო მეტად განკითხვისათვის.

ამ სოფელს მართალნი თავიანთი ლოცვებითაც შეეწევიან: ისინი ცოდვილ ადამიანებს ყველა იმ უბედურებისა და განსაცდელისაგან იცავენ, რომელთაც საკუთარ თავზე მოიწევენ ღვთის რისხვის მიშვებით ღვთისადმი შემცნობელნი. ასეთ შემთხვევაში ყოველი ქალაქისა და ქვეყნისათვის მართალნი იგივე არიან, რაც სახლისათვის სხვეტები, ქალაქისათვის კედლები: სწორედ ამგვარადვე სახელსდებენ მათ წმინდა მამები. წმინდა იოანე ოქროპირი მართალ ადამიანებს „სამშობლოს სვეტებს“ უწოდებს, ხოლო წმინდა ამბროსი მედიოლანელი „ქვის კედლებს“. როგორც სვეტებს უჭირავთ ნაგებობები, როგორადაც კედლები ამაგრებენ და იცავენ ქალაქს, ასევე მართალნიც განამტკიცებენ და იფარავენ სამშობლოს, მოწყალე-ჰყოფენ რა განრისხებულ ღმერთს და იცავენ რა ღვთიური სასჯელისაგან. თავის რისხვაში სურდა ღმერთს ებრაელი ერის ამოწყვეტა უდაბნოში ოქროს ხბოს თაყვანისცემისათვის, მაგრამ მის წინაშე მოსე მორდგა, მვედრებელი შემცოდე ხალხისათვის, და მოალბო იგი, როგორც ფსალმუნშიცაა ნათქვამი: „დათქმული ჰქონდა მათი მოსპობა, რომ მოსე, მისი რჩეული, არ დამდგარიყო ნაპრალთან მის წინაშე, რათა გაებრუნებინა რისხვა მისი, და აღარ მოესრა ისინი“ (ფსალმუნი 105,23), - და იყო მაშინ მოსე თავისი ხალხისთვის სვეტი და ზღუდე შეუძვრელი. ის იყო, ზრახვა-ჰყვეს ფილისტიმელებმა, რათა საბოლოოდ სულერთიანად ამოეხოცათ ებრაელი ხალხი და, რა თქმა უნდა, ამოხოცავდნენ კიდეც მათ, სამუელ წინასწარმეტყველის დროს, რამეთუ მას ჟამსა შინა ებრაელები უიარაღონი იყვნენ და გამოუცდელნი საომარ ხელოვნებაში; ამასთან, მათ ფილისტიმელები აღემატებოდნენ მეომართა რიცხობრიობითაც, და რაც მთავარია – თავად ღმერთი იყო განრისხებული ისრაელიანთა მძიმე ცოდვების გამო; მაგრამ სამუილმა გარეშეზღუდა ისინი ღვთისადმი თავისი თბილი ლოცვებით, ვითარცა მტკიცე ზღუდით: საკვირველი სახით დაამარცხა მან ფილისტიმელები ყოველგვარი შეტაკების გარეშე, ამოხოცა ისინი უიარაღოდ, განდევნა გარეშე ისრისა და შურდულისა. რამეთუ მისი ლოცვის ჟამს იქუხა უფალმა უცხოტომელთა ზედა და არეულობამ მოიცვა ისინი და დაეცნენ ისრაელის წინაშე. და მას ჟამსა შინა ისრაელიანთათვის იგივე იყო სამუილი, რაც ქალაქისათვის მტკიცე ქვის კედელი. მსგავსად ამისა, ქალაქ დოფაიმისთვის იგივე ქვის კედელი იყო წინასწარემტყველი ელისე, როდესაც ამ ქალაქს ასურელები გარეშემოსდგომოდნენ. მან დოფაიმი თავისი ლოცვით უფლისაგან მოვლენილი ანგელოსების დასით გარეშეზღუდა, ხოლო მტრები კი სიბრმავით დასცა.

ქრისტიანულ დროებაში მართალმა მღვდელმთავარმა იაკობმა, ერთმა მხოლომან, დაიცვა თავისი ქალაქი ნიზიბია სპარსელთაგან, რომელნიც მზად იყვნენ სადაცაა აეღოთ ქალაქი. იგი ქალაქის კედელზე ავიდა და ლოცვა-ჰყო უფლისა მიმართ; და აი, ღვთის მობერვით, უეცრად მწერების მთელი ღრუბელი გამოჩნდა, რომელთა ნაკბენი იმდენად სნებისმომგვრელი იყო, რომ ცხენ-აქლემნი ლაგამსა და აღვირს იგლეჯდნენ და ცოფმორეულნი აქეთ-იქით ეხეთებოდნენ. თავად სპარსელებისთვისაც ეს მწერები იმდენად აუტანელნი იყვნენ, რომ ისინი იძულებულნი იყვნენ ნიზიბიისთვის ალყა მოეხსნათ და სირცვილეულნი თაქუდმოგლეჯილნი გაქცეულიყვნენ, მლტოლვარენი არა იარაღითა და ისრით, არამედ ბუზანკლებითა და კოღოებით. ამგვარად ჭეშმარიტად მართალი ესე თავისი ქალაქისთვის კედელი ქვისა იყო! და ბედნიერია ის ქალაქი და ის ქვეყანა, რომელშიც თუნდაც ერთი მართალი ჰგიეს, რამეთუ მის გამო ღმერთი მრავალ ცოდვილს ინდობს. ხოლო მართალთა გამო რომ ინდობს ღმერთი ცოდვილებს, ეს სახარებისეული იგავიდანაც სჩანს.

კაცმან ვინმემან ყანაში კეთილი თესლი დათესა, ხოლო მტერმან თესლსა და თესლს შორის ღვარძლი ჩააბნია; როდესაც ჯეჯილი აყვავდა, ღვარძლმაც წამოჰყო თავი. და უთხრეს მონებმა ბატონს: ნება მოგვეცი ღვარძლი აღმოვფხვრათ. მან კი მიუგო: არა, ღვარძლის აღმოფხვრაში ეგების თქვენ თავთავიც ამოგლიჯოთ; ერთიცა და მეორეც მკათათვემდე დატოვეთ. ამ იგავში თესლი კეთილი მართალთ აღნიშნავს, ღვარძლი კი – ცოდვილებს. არ აღმოჰფხვრიან ღვარძლს, რათა თავთავიც არ დააზიანონ. ინდობს ღმერთი ცოდვილებს, რათა შეურაცხყოფილი არ იყვნენ და დაინარჩუნოს მართალნი. ამრიგად, ცოდვილნიც უვნებელნი რჩებიან მართალთა გამო. მაგრამ ვაჲ იმ ქალაქსა და ქვეყანას, რომელშიც არცერთი მართალი არაა: გაცამტვერება და დაღუპვა ელის. სოდომი მანამ რჩებოდა უვნებელად, ვიდრე მასში მართალი ლოთე ცხოვრობდა; ხოლო როგორც კი დატოვა იგი, მოსწყდა მთელი ქვეყანა. გვიკვირს, თუ რადაა ჩვენს დროებაში ამდენი ომები, ინგრევა ქალაქები, ცარიელდება მთელი ქვეყნები, შინაომები ჩაღდება, ბევრი სისხლი იღვრება და ესოდენ ბევრი უბედურებაა. რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ შემცირდა მართალთა რიცხვი: „ყველა გზას ასცდა; ერთობლივად უმაქნისი გახდნენ; არ არის სიკეთის მქმნელი, არ არის არავინ“ (რომაელთა 3,12), ყველა გაირყვნა, ყველამ იწყო ღვთის განრისხება, მისი მოწყალების შეურაცხყოფა და მისი სულგრძელების გაღიზიანება. ყველა უშიშრად სჩადის უსჯულოებას და ღვთიურ მართლმსაჯულებას იწვევენ შურისძიებისათვის. აი, რისთვისაა ჩვენს თავს ეგოდენი უბედურება: სჩანს არღარაა მართალი, ჩვენ, ცოდვილთათვის, უფალს რომ შეჰვედრებოდა! ორი წმინდა წინასწარმეტყველი სწუხდა იმაზე, რომ მართალთა რიცხვი შემცირდა დედამიწაზე – დავითი და მიქა. ჰხმობდა დავითი ღვთისა მიმართ: „მიხსენი, უფალო, რადგან აღარ არსებობს ღვთისმოსავი, რადგან გამქრალან ჭეშმარიტნი კაცთა მოდგმიდან, ტყუილს ეტყვიან ერთიმეორეს, ქლესა ტუჩებით ორპირულად ლაპარაკობენ“ (ფსალმუნი 11,2-3). ხოლო მართალი მიქა უკვე არა თუ მოსთქვამს, არამედ ქვითინებს: „გადაშენდა ღვთისნიერი ქვეყანაზე და აღარავინ არის წრფელი კაცთა შორის; ყველანი სისხლის დასაღვრელად ჩასაფრებულან, ერთმანეთზე ნადირობენ სათხევლით. გაწაფულია მათი ხელები ბოროტის ქმნაში; მთავარი და მსაჯული გასამრჯელოს მოითხოვენ; დიდებული სიხარბეს იჩენს და სამართალს ამრუდებს. უკეთესი მათ შორის ნარ-ეკალსა ჰგავს, სამართლიანი კი ძეძვზე უარესია; დადგება შენს მფარველთაგან გამოცხადებული დღე, მაშინ შეშფოთდებიან ისინი. ნუ ერწმუნები ახლობელს, ნუ ენდობი მეგობარს; შენს გვერდით მწოლისგან დაიცავი შენს ბაგეთა კარი. რადგან შვილი არხცვენს მამას, ქალიშვილი თავის დედას ეურჩება, რძალი – თავის დედამთილს; კაცის მტრები არიან მისი შინაურები“ (მიქა 7,2-6). მაგრამ ჰოჲ წმინდანო წინასწარმეტყველნო! აგრერიგად რად დამწუხრებულხართ, რომ მართალნი აღარ არიან ქვეყანასა ზედა? იმად, ამბობენ ისინი, რომ ამას მოჰყვება უბედურებანი და განსაცდელები. დავითი ამბობს: „მოსპობს უფალი ქლესა ბაგეებს, გოროზად მოლაპარაკე ენებს“ (ფსალმუნი 11,4) – დაიღუპება ყველა მატყუარა, პირმოთნე და უსამართლო. მაშ, მიხსენ მე, უფალო, რათა მეც არ დავიღუპო მათთანა! მსგავსად ამისა, მიქაც გვამცნობს მომავალ ღვთის რისხვაზე: ჰოჲ, საზარელი შურისგება შენი მოვალს, აწ ატირდებიან იგინი.

მაშ, ვაჲ იმ ქალასა და ქვეყანას, სადაც ერთი მართალიც აღარ არის, რამეთუ მართალთა გამო დგას ეს ქვეყანა.

თარგმნა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა