8. ესევითართა ამათ ბოროტთა მიერ მამათა და დედათა ზოგად განაწყვნეს
მემღერნი და ეშმაკსა მას მთრვალობისასა მისცნეს სულნი მათნი და ესრეთ
ისრითა მით ვნებათაჲთა ურთიერთას ესროდეს. ორკერძოვე იყვნიან სიცილნი
უწესონი, სიმღერანი ბილწნი, სახენი მეძვობისანი, რომელნი მიუწოდდიან
შეგინებულობასა.
იცინი-ა შენ და იხარებ სიხარულითა მით ბოროტითა, რომელსა-ეგე თანაგედვა
ტირილი და სულთქუმაჲ ცოდვათა შენთათჳს? სიმღერათა იტყჳ-ა, სიძვისა
წინამძღუართა, ფსალმუნთა მათ წილ და გალობათა, რომელნი გისწავიან? ფერჴთა
იმღერებ-ა ხლდები და ჰბორგ და ჰროკავ უწესოდ, რომელსა-ეგე თანა-გედვა
მუჴლთმოდრეკით ვედრებაჲ უფლისაჲ?
ვიეთთჳს-მე ვიგლოვდე პირველად? ქალწულთა მათთჳს უქორწინებელთა, ანუ უღელსა
მას ქუეშე ქორწინებისასა მყოფთათჳს? რამეთუ იგინი მოიქცეს და არა აქუნდა
ქალწულებაჲ თჳსი, ხოლო ამათ - სიწმიდე იგი პირველი, დაღაცათუ ჴორცითა
დაცემასა რომელნიმე განერნეს, არამედ გონებით უეჭუელად შეიგინნეს.
ეგრეთვე მამათათჳს ვიტყჳ, ვითარმედ: უკუეთუ "რომელმან მიხედნეს დედაკაცსა
გულისთქუმით, მან იმრუშა” და ესრეთ დახუდომით უბნობაჲ ოდენ და მოგონებით
გულისთქუმაჲ ესრეთ მავნებელ არიან და ესევითარი საშჯელი აქუს, რაჲ-მე ყოფად
არს მათთჳს, რომელნი განზრახვით წარვიდოდინ ხილვად და განცდად ესევითართა
საქმეთა და მიხედვად დედათა, უშუერებისა მოქმედთა და მთრვალთა და
მსახიობელთა სახიობითა მით ბოროტითა და მეტყუელთა ავაჯთა მათ და კილოთა
სიძვისათა, რომელთა არა ხილვაჲ არამედ სმენაჲ ოდენ ჴმისაჲ კმა არს გულსა
მას ვნებულთასა შეგინებად? რაჲ სთქუათ თქუენ ამის ყოვლისათჳს, რომელნი
მიხუალთ ხილვად მათდა, ანუ ამღერებთ მათ წინაშე თქუენსა და ესევითართა მათ
ხილვათა მიერ ბევრეულსა სიმრავლესა ვნებათასა შეიკრებთ? ანუ არა საცნაურ
არსა, ვითარმედ განზრახვით მაგის საქმისათჳს მოსწრაფე ხართ და ესრეთ
თანამდებ იქმნეთ საშჯელსა მას მემრუშეთასა განჩინებისაებრ უფლისა?
ანუ ვითარ შეგიწყნარნეს თქუენ მარტჳლიამან, რომელთა-ეგე აღვსებაჲ ესრეთ
უჴმარ ჰყავთ? რამეთუ მარტჳლიასა საქმედ აქუს სულისა წმიდისა მოსლვაჲ
განცხადებული, ხოლო შენ წინაჲთვე უსწრობ და დაამკჳდრებ შენ შორის სულსა მას
არაწმიდასა და იქმნები ტაძარ კერპთა ტაძრად ყოფისა წილ ღმრთისა შენ თანა
დამკჳდრებითა სულისა წმიდისაჲთა. და მიიღებ წყევლასა მას
წინაჲსწარმეტყუელისასა, რომელი იტყჳს, ვითარმედ: "გარდავაქცინე
დღესასწაულნი მათნი გლოად” (ამოს. 8,10). ანუ ვითარ ხართ თქუენ უფალ მონათა
თქუენთა, რომელნი-ეგე ესრეთ მონაქმნულ ხართ გულისთქუმათადა? ანუ შვილთა
ვითარ ასწაოთ თქუენ, რომელთა ცხორებაჲ უსწავლელ არს და უწესო?
რაჲ-მე ვყო უკუე? ამათ სიტყუათა შინა დაგიტეო-ა? არამედ მეშინის, ნუუკუე
ურჩი იგი უძჳრეს იქმნას და ლმობიერი - სასოწარკუეთილ. არამედ გიჩუენო
თქუენ "წამალი, რომელსა ძალ-უც ცოდვათა დიდთა კურნებად” (ეკლეს. 10,4), ესე
იგი არს, მარხვამან განკურნენ მთრვალობაჲ თქუენი და ფსალმუნებამან -
შეგინებულნი იგი ჴმანი; ცრემლი იყავნ სიცილისა წამალ; როკვისა წილ მუჴლნი
მოიდრიკენით ღმრთისა მიმართ. ტყუელვისა წილ ჴელთაჲსა მკერდსა იცემდით;
სამკაულისა მის წილ სამოსელთაჲსა სიმდაბლე შეიმოსეთ. ამას ყოველსა ზედა
მოწყალებამან მოგიყიდენ თქუენ ცოდვისაგან, რამეთუ "საჴსარ კაცისა არს
სიმდიდრე თჳსი” (იგავ. 13,8), მოიმიზიდენ მრავალნი ჭირვეულნი ზიარებად
ლოცვისა, ნუუკუე და მოგეტეოს საქმე იგი ბოროტი. რამეთუ რაჟამს "დაჯდა ერი
იგი ჭამად და სუმად და აღდგეს მღერად” (ხოლო მღერაჲ მათი იყო
კერპთმსახურებაჲ), მაშინ ლევიტელთა შეჭურნეს ხელნი მათნი ძმათა ზედა მათთა
და ესრეთ სრულ იქმნეს მღდელობასა შინა. ეგრეთვე უკუე თქუენცა, რომელნი-ეგე
მოშიშნი ხართ ღმრთისანი, რომელნიცა აწ მწუხარე იქმნებით უშუერებასა მას
ზედა ბოროტთა მათ საქმეთასა, ამას გეტყჳ თქუენ, რაჲთა, უკუეთუ იხილნეთ
იგინი შენანებულ უკეთურებასა მას ზედა საქმეთა მათთასა, ლმობიერ ექმნნეთ
მათ, ვითარცა თჳსთა ასოთა მოუძლურებულთა. უკუეთუ კულა იხილნეთ
შეურაცხმყოფელად ჩუენისა ამის მათ და მიმართ შეწუხებისა, "განვედით შორის
მათსა და განეშორენით მათ და არაწმიდასა ნუ შეეხებით” (ეს. 52,11), რაჲთა
ესრეთ მათცა ჰრცხუენეს და მოვიდენ ცნობად თჳსისა ბოროტისა. ხოლო თქუენ
შურისა მის ფინეზის სასყიდელი მიიღოთ მართლმსაჯულობითა ღმრთისა და
მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე აწ
და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.