მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წმიდა ბასილი დიდი

კესარია-კაბადოკიის მთავარეპისკოპოსი

 

მომთვრალეთათჳს

 

თავი IV

 

4. ხოლო გულისთქუმათა შეგინებისათა, ვითარცა წყაროჲ, აღმომაცენებელ იქმნების მთრვალობაჲ და სიძვისა იგი სენი შევალს სიმრავლესა მას თანა ღჳნისასა და ყოველსავე პირუტყუთა დედალთა მიმართ სიბორგილესა დაჰფარავს გინებაჲ იგი მომთრვალეთაჲ. რამეთუ პირუტყუთა იცნიან საზღვარნი იგი ბუნებისანი, ხოლო მომთრვალენი მამათა შორის დედაკაცებასა და დედათა შორის მამაკაცებასა ეძიებენ. არცა კეთილ არს, არცა შესაძლებელ ყოველთა მათ ბოროტთა მთრვალობისათა სიტყჳთ თქუმაჲ. ხორშაკისა იგი სენნი ჟამთა სიგრძესა შევლენ კაცთა შორის, რაჟამს-იგი მცირე-მცირედ ჰაერისა მის სენი შევალნ გუამთა შინა, ხოლო ღჳნისამიერნი სენნი მეყსა შინა მოიწევიან, რამეთუ ესრეთ წარწყმედასა თანა და შეგინებულობასა სულისასა ჴორცთაცა სიმრთელე მიეღების და სახე მათი შეიცვალების, არა ოდენ, რამეთუ ბილწებათა მიმართ ესრეთ მოსწრაფე არიან, არამედ თჳთ გუამიცა მათი სნეულ არნ და ძალი იგი ბუნებითი არა აქუნ: თუალნი მათნი იყვნიან მჴიე და პირი შორს ბუნებითისა მის ფერისაგან, სული მათი შეიწრებულ და ენაჲ წარევნულ და ხმაჲ უწესო და ფერხნი მალე შემცთომელ, ვითარცა მცირეთა ყრმათაჲ, განსლვანი ნამეტნავთანი თავით თჳსით, ვითარცა უსულოთაგან მავალნი. საწყალობელ იყვნიან შუებასა მას შინა მათსა, უსაწყალობელეს ზღუასა შინა მღელვარეთა, რომელთა ზედა სხუანი და სხუანი ერთიერთსა ზედა ღელვანი მოიწევიან და თავსა ზე აღებად არა უტევებენ, ეგრეთვე ამათნი სულნი დანთქმულ არიან ღელვათა მათ შინა ღჳნისათა. და მერმე, ვითარცა-იგი ნავნი დანთქმასა რაჲ მიეახლნიან, გარდაყარიან ტჳრთი მათი, აგრეთვე ამათ, რაჟამს ვერღარა თავს-იდვიან ბოროტი იგი სიმძიმე, იწყიან აღმოგდებად და საძაგელებად და ესრეთ ძნიად გენერნიან სიმძიმისა მისგან. ესეზომ უსაწყალობელეს არიან ზღუასა შინა მღელვარეთა, რამეთუ მათისა ჭირისა მიზეზ იქმნა სასტიკებაჲ ქართაჲ და ღელვანი ზღჳსანი, ხოლო ესენი ნეფსით თჳსით მოაწევენ თავთა ზედა თჳსთა ზამთარსა მას მთრვალობისასა.

 

საწყალობელ არს ეშმაკეული, ხოლო მთრვალი საქმეთავე შინა ეშმაკეულისათა არს და წყალობასა არა ღირს არს, რამეთუ ნეფსით ყო თავი თჳსი ეშმაკეულ, რომელნი-იგი წამალთა ეძიებენ მთრვალობისათჳს, არა თუ რაჲთამცა არაჲ ევნო ღჳნისაგან, არამედ რაჲთამცა არა დასცხრეს სუმისაგან. რამეთუ მცირედ შეურაცხილ არნ წინაშე მათსა დღე და მცირედ ღამე იგი ღამეთაგან ზამთრისათა სუმისა მიმართ. და დასასრული არა არნ ბოროტისაჲ მის, რამეთუ თჳთ ღჳნოჲ უმეტესსა ადგილსა უყოფს თავსა თჳსსა. რამეთუ არა ნუგეშინისცემა უძლურებისა არნ იგი, არამედ სხჳსა სუმისა მომატყუებელ, რაჟამს-იგი შესწუავნ მთრვალთა მათ და უმეტესისა სურვილსა მოატყუებნ და დაუსრულებელად აქუს წადილი იგი სუმისაჲ და ჰნებავს, რაჲთამცა უმეტესიცა წადილი აქუნდა. და წინააღმდგომი ნებისა მათისაჲ იქმნების მათ ზედა, რამეთუ უზომოებითა მით სუმისაჲთა საცნობელთა თჳსთა განჰხრწნიან. რამეთუ ვითარცა უზომოჲ ბრწყინვალებაჲ დააბნელებს თუალთა და ვითარცა დიდითა ჴმითა და სასტიკითა განკრთომილნი სმენადღა ვერ შემძლებელ არიან სასტიკებისაგან ჴმისა მის, ეგრეთვე ესენი უგულისჴმო არიან, ვითარ-იგი უზომოჲსა მის გემოჲსმოყუარებისაგან გემოსა მას სასუმლისასა განრყუნილ იქმან. რამეთუ უგემურ არნ პირსა შინა მათსა და წყლიან ღჳნოჲ იგი, დაღაცათუ ურწყულ იყვის და ნელტფილ არნ პირსა შინა მათსა, დაღაცათუ მყინვრისა მსგავს არნ, ანუ თოვლითა განგრილებულ, რამეთუ ვერ შემძლებელ არნ დაშრეტად ალსა მას, რომელი შინაგან მათსა ეგზებინ ღჳნისა მიერ. იხილე, თუ: "ვისი არს ვაებაჲ? ვისი არს ამბოხებაჲ? ვისნი არიან წარევნანი? ვისნი არიან შემუსრვილებანი იგი ამაონი და შალვანი გულისანი? ვისნი თუალნი არიან მჴიე? არა ღჳნისა სუმასა შექცეულთანი-ა და რომელნი უმზირიან, თუ სადა იქმნების სუმაჲ? (იგავ. 23,29)

 

ვაებაჲ სიტყუაჲ არს საგლოელი, ხოლო მომთრვალენი არიან ღირს გლოისა, რამეთუ სასუფეველსა ცათასა ვერ დაიმკჳდრებენ. და ამბოხებაჲ არს შფოთი იგი, რომელი ღჳნისა მიერ იქმნების გონებასა შინა; ხოლო შალვაჲ გულისაჲ - მწარეთა მათ გემოთათჳს, რომელნი იყვნიან გულსა შინა, მოდნებინ რაჲ ღჳნოჲ იგი უზომოჲ. რამეთუ მათნი შეიკრვიან ჴელნი და შეიკრვიან ფერჴნი ბოროტთა მათგან მთრვალობისათა და, უწინარეს ამისა, მასვე ჟამსა სუმისასა განცოფებულთა საქმენი მოიწინიან მათ ზედა. რამეთუ რაჟამს აღივსნენ ნესტუნი საფეთქელთანი კუამლისა მისგან, რომელსა ღჳნოჲ ორთქლითა თჳსითა მისდა აღიყვანებს, მაშინ შეპყრობილ არნ სალმობათა მათ მიერ უზომოთა თავი და დადგომად მართლიად მჴართა ზედა ვერ შემძლებელ არნ, არამედ მიმოვარდებინ ქედისაგან. და კუალად წარევნანი იგი მრავალნი, რომელ არიან უსარგებლონი და მაცილობელნი ზრახვანი მათნი და შემუსრვანი იგი ამაონი, რომელნი იყვნიან მათ ზედა, რომელნი ვერ შემძლებელ იყვნიან მართლიად დგომად მთრვალობისა მისგან, არამედ ყოვლით კერძო დაცემითა შეიმუსრვოდიან ამაოდ.