3. რაჲთა განყოფილ ხარ პირუტყუთაგან, ჰოი კაცო? არა ნიჭითა მით სიტყჳერობისაჲთა, რომელი მოგიღებიეს დამბადებელისაგან? მთავრად და უფლად ქმნულ ხარ-ა ყოვლისა სოფლისა? აწ უკუე რომელმანცა ესრეთ განაცოფოს სიბრძნე თჳსი მთრვალობითა, "იგი ჰბაძვიდა პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ”. ხოლო მე უფროჲსად პირუტყუთა უუგუნურესად და უპირუტყუესად უწოდ მთრვალთა, რამეთუ ოთხფერჴთა ყოველთავე და მჴეცთა განჩინებული ჟამი აქუს შეერთებისაჲ და შვილებისაჲ, ხოლო მთრვალობისა მიერ შეპყრობილნი ჴორცთა ბუნებისა გარეგნითა სიმჴურვალითა აღავსებენ და ყოველსავე ჟამსა შეგინებულთა მათ საქმეთა მიმართ მივლენ. და არა ესე ოდენ არს სასწაული მათისა პირუტყობისაჲ, არამედ შეცვალებაჲცა საცნობელთა მათთა ცნობისაჲ უარეს ყოვლისა პირუტყჳსა ჰყოფს მათ, რამეთუ რომელი არს საცხოვარი და ზროხაჲ ესრეთ უსმ და ბოროტად მხედველ და უცნობო, ვითარ მთრვალი? ანუ არა უმეცარ იყვნიან-ა თჳსთა მათთაგან მრავალგზის და უცხონი თჳსად შეერაცხნიან? არა აჩრდილთა ზედა გარდაახლდებოდიან-ა მრავალგზის, ვითარცა მთხრებლთა და ვითარცა წყალთა ზედა? და ოხრითა და წივილითა, ვითარცა ზღჳსაგან მღელვარისა სავსე არიედ ყურნი მათნი და ჰგონებდიედ, თუ ქუეყანაჲ აღმართებულად დადგრომილ არს და მთანი გარემო რბიან. ესენი ოდესმე იცინიედ დაუცადებელად და ოდესმე ტიროდიედ მოუწყუედელად და ოდესმე ამპარტავან იყვნიან და ზუავ და უშიშ და მერმე - მოშიშ და შეძრწუნებულ, ძილი არნ მათ ზედა მძიმე და მოშთობის სახე და ჭეშმარიტად სიკუდილისა მახლობელ და კუალად მღჳძარებაჲ მათი უუგუნურეს არნ ძილისა, რამეთუ ყოველი ცხორებაჲ მათი სიზმარ არნ, რომელთა-იგი არა აქუნ მრავალგზის სამოსელი, არცა თუმცა რაჲ ჭამეს ხვალისა დღე, და იგინი მეფედ დასხდიან და ერისთავთა წინამძღუარ იყვნიან მთრვალობასა შინა მათსა და ქალაქთა აღაშენებდიან და საფასეთა განუყოფდიან, ეგევითარითა უცნებითა და საცთურითა აღავსნის გულნი მათნი ღჳნომან. ხოლო სხუანი კუალად მეორისა კერძისა ვნებითა დაინთქნიან: და სასოწარკუეთილ იქმნიან და მჭმუნვარე და მტირალ და მოშიშ. ერთი იგი ღჳნოჲ თითოეულთა მათ გუამთა შევიდის და თითოსახენი ვნებანი შვნის: რამეთუ რომელთამე აღადუღებს სისხლსა და განამრავლებს და ესრეთ მოხარულ ჰყოფს და ბრწყინვალე და კუალად სხუათა ფრიადისა მის სიმძიმისა მისისაგან დაამძიმებს და დაჰქენჯნის და დაამდაბლებს სისხლსა და მწუხარე ჰყოფს მათ ამით სახითა. და რად საჴმარ არს სხუათა მათ ვნებათა მათთა აღრიცხუვაჲ? - მძჳნვარებასა მას გონებისა მათისასა, მსწრაფლ განრისხებასა, მაბრალობლობასა მათსა, სიმწარესა მას სულისა მათისასა, ვითარ არარასა ზედა მტკიცე არიან, ღაღადებასა მას მათსა და ჴმისა უწესოებასა, ამბოხებასა მას გარდარეულსა, ყოვლისა საცთურისა მიმართ ადვილად მიდრეკასა?