1.აღმძრვენ მე სიტყუად საქმენი იგი მწუხრისა ამის გარდასრულისანი. ხოლო
კუალად დააყენებს აღძრვასა ჩემსა პირველთა მათ შრომათა უნაყოფოებაჲ, რამეთუ
მუშაკიცა, რაჟამს ერთგზის თესულმან მისმან ნაყოფი არა გამოიღის, უდებ არნ
მასვე ქუეყანასა ზედა მეორედ დათესვად, რამეთუ უკუეთუ ესეზომთა სწავლათა
ზედა, რომელ ვქმნენით გარდასრულსა ჟამსა წელიწდისასა და არა დავსცხერით
ვედრებად თქუენდა და კუალად შჳდთა ამათ შჳდეულთა მარხვისათა, ღამე და დღე,
არა დავსცხერ წამებად თქუენდა სახარებასა მას მადლისა ღმრთისასა და მის
ყოვლისაგან სარგებელი არარაჲ იქმნა, რომლითაღა სასოებითა გასწაო დღეს? ჰოი,
რავდენთა ღამეთა ამაოდ იღჳძეთ, რავდენთა დღეთა ამაოდ შემოჰკერბით, უკუეთუ
ოდენ ამაოდ, რამეთუ რომელი მოსრულ იყოს წარმართებასა კეთილთა საქმეთასა და
მერმე კუალად-მიიქცეს პირველთავე ჩუეულებათა მიმართ, არა ოდენ შრომილისაჲ
მის სასყიდელი დაშჭირდეს, არამედ უმეტესსაცა საშჯელსა ღირს იქმნას, რამეთუ
იხილა გემოჲ კეთილთა მათ სიტყუათა ღმრთისათაჲ და ღირს იქმნა საიდუმლოთა
სულიერთა და მერმე ყოველივე იგი უგულებელს-ყო მცირედისა გულისთქუმისათჳს.
"რამეთუ უმეცარი იგი ღირს არს შენდობისა, ხოლო ძლიერნი ძლიერადცა იტანჯნენ”
(სიბრძნ. 6,7), ერთმან ღამემან და ერთმან ეშმაკისა ბრძოლამან შრომაჲ იგი
ყოველი დაარღჳა და უჩინო ყო. ვითარ უკუე გულსმოდგინე ვიყო აწ სიტყუად? და
უწყითმცა, ვითარმედ დავიდუმემცა, უკუეთუმცა არა მეშინოდა საქმისა მისგან
იერემია წინაჲსწარმეტყუელისა, რომელსა ურჩისა მის ერისა მიმართ სიტყუად არა
ენება და ამისთჳს მოიწია მის ზედა, ვითარცა იგი იტყჳს თჳთ, ვითარმედ:
იქმნა ცეცხლი წელთა შინა მისთა და შეიწუებოდა ყოვლით კერძო და ვერ ძალ-ედვა
თავს-დებად.
ხოლო აწ დედათა ბოროტთა დაივიწყეს შიში ღმრთისაჲ, შეურაცხ-ყვეს საუკუნოჲ
იგი ცეცხლი ესევითარსა მას დღესა შინა, რაჟამს თანა-ედვა ჴსენებისათჳს
აღდგომისა დაჯდომაჲ სახლთა შინა თჳსთა და მოჴსენებაჲ დღისა მის, რაჟამს-იგი
განეხუნენ ცანი და გამოჩნდეს მსაჯული იგი ზეცით: და საყჳრნი ღმრთისანი და
აღდგომაჲ მკუდართაჲ და საშჯელი სიმართლისაჲ და მიგებაჲ თითოეულისაჲ საქმეთა
მისთაებრ.
ამათ ესევითართა საქმეთა წურთისა წილ და განწმედისა წილ გულთა მათთაჲსა
ბოროტთა გულისსიტყუათაგან და აჴოცისა ცრემლითა ცოდვათა მათთა და
განმზადებისა წილ მიგებებად ქრისტესა დიდსა მას დღესა გამოჩინებისა
მისისასა, განაგდეს უღელი იგი ქრისტეს მონებისაჲ და მოიჴადნეს თავთაგან
პატიოსნებისა იგი საბურველნი, უგულებელს-ყვეს ღმერთი და უგულებელს-ყვნეს
ანგელოზნი მისნი და ურცხჳნო იქმნეს წინაშე პირსა მამათასა: და გარდაიტევეს
თმები, მიითრევდეს სამოსელთა და იმღერდეს ფერჴითა, თუალითა ბილწითა,
სიცილითა ურცხჳნოჲთა მღერად და ბორგად აღიძრნეს და შეაგინებდეს გულსა
ჭაბუკთასა და ეკლესიათა მათ წინაშე, რომელნი არიან გარეგან ქალაქისა,
მემღერნი განაწყვნეს მათ და ადგილად თჳსისა საძაგელებლობისა ყვნეს წმიდანი
იგი ადგილნი. შეაგინეს ჰაერი ჴმათა მათგან სამეძვოთა და შეაგინეს ქუეყანაჲ
ფერჴთა მათ მიერ არაწმიდათა, რომლითა იქმოდეს მღერასა მას. და უგუნურთა
ჭაბუკთა სიმრავლე გარე-მოაწყვნეს სახილველად მათდა, მეძავ განცოფებულ
იქმნეს და ბორგილებისა არცა ერთი საზღვარი დაუტევეს.
ესე ყოველივე ვითარ დავიდუმო? ანუ ვითარ ღირსად ვგოდებდე ამას? ღჳნომან
მოგუატყუა ესევითარი ესე სულთა ზღვევაჲ, ღჳნომან, რომელი მოუცემიეს ღმერთსა
ნუგეშინისსაცემელად უძლურებისა ბრძენთადა, ხოლო აწ საჭურველ ცოდვისა ექმნა
უგუნურთა მათ.