მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წმიდა ბასილი დიდი

კესარია-კაბადოკიის მთავარეპისკოპოსი

 

ჰომილიები ექვსი დღისათვის

 

ჰომილია IX

 

ხმელეთის ცხოველთა შესახებ

1. როგორი მოგეჩვენათ თქვენ სიტყვიერი ტაბლა დილისა? მე კი აზრად მომივიდა, ჩემი თავი ვინმე ღარიბი, მაგრამ გულთბილი მასპინძლისთვის შემედარებინა, რომელსაც გულუხვი მასპინძლის სახელის მოხვეჭა სურს, მაგრამ რადგან ძვირფასი საჭმელ-სასმელი არა აქვს, სტუმრებს თავს აბეზრებს ღარიბული კერძებით, რომელიც სუფრაზე უხვად მიაქვს. ასე რომ, მისი პატივმოყვარეობა მისივე სასაყვედუროდ უგემოვნობაში გადადის ხოლმე. ასეთი იყო ჩვენი სიტყვაც, თუკი თქვენ მასზე სხვა რამეს არ იტყვით; მაგრამ როგორიც არ უნდა ყოფილიყო, აბუჩად მაინც არ უნდა აიგდოთ, რადგან არც ელისეს დასდეს ბრალი მისმა თანამედროვეებმა, როგორც მასპინძელს, თუმცა იგი მეგობრებს მხალითა ველურითა გაუმასპინძლდა (შეად. IV მეფ. 4,39).

მეც ვიცი წესები სახისმეტყველებისა, თუმცა არა ჩემს მიერ აღმოჩენილი, არამედ სხვათა თხზულებებში ნაპოვნი. ამ წესების მიხედვით ზოგიერთები იმას, რაც დაწერილია, საყოველთაო მნიშვნელობით კი არ იგებენ, მაგალითად წყალს წყალს კი არ უწოდებენ, არამედ რაღაც სხვა ნივთიერებას და მცენარესაც და თევზსაც ისეთ განმარტებას აძლევენ, როგორიც სურთ; ქვეწარმავალთა და ცხოველთა წარმოშობასაც საკუთარი ვარაუდების შესაბამისად ხსნიან, ვითარცა სიზმართამხსნელები, რომელნიც ძილში ნანახ ზმანებებს თავიანთი ზრახვებისდამიხედვით განმარტავენ. მე კი, რომ მოვისმინე, ეს ბალახიაო, ბალახად მოვიაზრე, ასევე მცენარეს, თევზს, მხეცსა თუ საქონელს როგორც ითქვა, ისე ვიღებ, რადგან არა მრცხუენის მე სახარებაჲ (რომ. 1,16).

თუმცა სამყაროს აღმწერებმა ბევრი რამ თქვეს დედამიწის ფორმაზე, ხან სფერო, ხანაც ცილინდრისებურიო, ხანაც წრეს ჰგავსო, ყოველმხრივ თანაბრად შემოხვეწილს, ხანაც კიდევ ლანგარს, შუაში ჩაღრმავებულსო (სამყაროს აღმწერებმა ყველა ამ ვარაუდს მიმართეს, თანაც ისე, რომ ყოველი მათგანი მეორის ვარაუდს ამხობდა), მაგრამ ვერ დავეთანხმები სამყაროს შესაქმეზე ჩვენი თხრობისათვის ნაკლები პატივის მიგებას, მხოლოდ იმ ერთადერთი მიზეზით, რომ ღმერთის მსახურ მოსეს მის ფორმებზე არ უმსჯელია და არც ის უთქვამს მისი შემოწერილობა 180 ათასი სტადიონიაო, არც ის გაუზომია, სანამდე გრძელდება მისი ჩრდილი ჰაერში, როცა მზე დედამიწის ქვეშ ექცევა და არც ის განუმარტავს, როგორც ხდება დაბნელება მთვარისა, როცა მას ეს ჩრდილი მიეახლება. რადგანაც იგი იმაზე, რაც ჩვენ არ გვეხება როგორც უსარგებლოზე, დადუმდა, ამიტომ სიტყვანი სულისა წმიდისანი უგუნურთა სიბრძნეზე უდარესად მივიჩნიო? თუ პირიქით, უფრო მეტად არ უნდა განვადიდო ის, ვინც ჩვენი გონება ამგვარი ამაო მსჯელობებით კი არ დააკავა, არამედ ისე განაგო, რომ ყველაფერი ჩვენი სულების დასამოძღვრად და სრულყოფისათვის დაწერილიყო? ვფიქრობ, ეს ვერ შეიგნეს მათ, რომელთაც თავიანთი გაგებით, გაჭიანურებული  მსჯელობებით და სახისმეტყველებით წმიდა წერილისათვის თითქოს რაღაც პატივის მინიჭება განიზრახეს. მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ შენი თავი სულიწმინდის სიტყვებზე უფრო ბრძნად მიიჩნიო და განმარტების მომიზეზებით საკუთარი აზრები შემოიტანო. ამიტომ, ჩვენ ისე მოვიაზრებთ, როგორც წერია.

2. გამოიღედ ქვეყანამან სამშვინველი ცხოველი ოთხფერხთა და ქვეწარმავალთა. გულისხმაყავ სიტყვა ღმრთისა, დაბადებულთა შორის მსრბოლი, რომელიც მაშინ დაწყებულ მოქმედებას დღემდე აგრძელებს და ბოლომდე, თვით სამყაროს აღსასრულამდეც  გააგრძელებს. ვითარცა ბურთი, რომელსაც ვინმე ფერდობიდან ჩააგორებს, როგორც თავისი სიმრგვალის, ისე ადგილის სიმარჯვის გამო, დაბლა მიექანება და მანამდე იგორებს  სანამ ვაკე არ შეხვდება, ასე დაიძრა არსებულთა ბუნება ერთი ბრძანებით, ქმნილებათა შობითა და ხრწნილებით მოდის და მოდგმის გაგრძელებას მსგავსებით იცავს, ვიდრე დასასრულამდე არ მიაღწევს; ნაცვლად ცხენისა, ცხენს ქმნის, არწივისა-არწივს და ყოველ ცხოველს არსებობას მემკვიდრეთა მონაცვლეობის წყალობით  უნარჩუნებს, ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა. ჟამის მდინარება ვერც წაახდენს და ვერც წარხოცს საკუთარ თვისებებს ცხოველებისა, არამედ დროს ისე მიჰყვებიან, თითქოს მათი ბუნება ახლახან იყოს შექმნილი.

გამოიღედ ქვეყანამან სული ცხოველი. ეს ბრძანება დედამიწაზე დარჩა და ღმრთის სამსახურს დღემდე აგრძელებს. ცხოველთაგან ზოგიერთი ადრე არსებულისგან  მემკვიდრეობის წყალობით იქმნება, ზოგი კი აქამდე მიწისაგან ცოცხლად იბადება. მაგალითად, წვიმების დროს იგი არა მხოლოდ ჭრიჭინებსა და სხვა ათასგვარი ჯიშის ფრთოსანთ, რომელნიც ჰაერში დაფრენენ და რომელთაც სახელებსაც კი ვერ დავარქმმევთ მათი სიმრავლისა და სიმცირის გამო, არამედ თაგვებსაც და ბაყაყებსაც წარმოშობს. როცა ეგვიპტეში, თებეს მახლობლად, კოკისპირულად გაწვიმდება, ქვეყანა მყისვე მინდვრის თაგვებით ივსება. ვხედავთ, რომ გველთევზაც არა სხვა გზით, არამედ შლამისაგან იბადება; ისინი კვერცხისა თუ სხვა ხერხის წყალობით როდი მრავლდებიან, არამედ მიწისაგან წარმოიშობიან.

გამოიღედ ქუეყანამან სული. - პირუტყვები მიწისაგანნი არიან და მიწას ჩაჰყურებენ, ხოლო ადამიანი ზეცის მცენარეა და რამდენადაც სხეულის ხატით გამოირჩვეა, სულიერი ღირსებებითაც იმდენადვეა გამორჩეული. ოთხფეხთა გარეგნობა როგორიღაა? მათ თავები მიწისკენ აქვთ ჩახრილი, მუცელს ჩაჰყურებენ და მის სიამოვნებისათვის  ყოველ ღონეს ხმარობენ. თავი შენი კი ზეცისკენ არის აღმართული და შენი თვალებიც ზევით იყურებიან. ამიტომ თუმცა შენ თავს ხანდახან ხორციელი ვნებებით შეურაცხყოფ და მუცელსა და იმას ემონები, რაც მუცლის ქვემოთაა, უგუნურ პირუტყვებს ბაძავ და მათ ემსგავსები (შეად. ფს. 48, 13), მაგრამ გმართებს ზრუნვა, რათა ზეცისასა ეძიებდე, სადაცა იგი ქრისტე არს (კოლ. 3,1) და მიწისაგან შობილებზე გონებით ამაღლება მოგეთხოვება. როგორი ხატიც მოგენიჭა, ცხოვრებაც იმგვარად წარმართე. იყავნ მოქალაქეობაჲ შენი ცათა შინა (ფილპ. 3,20), რადგან ჭეშმარიტი მამული შენი იერუსალიმია, ხოლო მოქალაქენი და თანამემამულენი- პირმშონი იგი, აღწერილნი ცათა შინა (ებრ. 12,22-23)

3. გამოიღედ ქვეყანამან სული ცხოველი. ამრიგად, პირუტყვთა სამშვინველი  მიწაში კი არ იყო და იქიდან კი არ გამოჩნდა, არამედ ბრძანებასთან ერთად წარმოიშვა. პირუტყვთა სამშვინველი ერთია, რადგან ერთი განმასხვავებელი თვისება აქვთ - უტყვობა, მაგრამ თითოეულ ცხოველს თავისი საკუთარი თვისებაც აქვს: ხარი გამძლეა, ვირი ზანტი, ცხენი - მხურვალე მდედრის გულისთქმისათვის, მგელი - მოუთვინიერებელი, მელა - მზაკვარი, ირემი – მფრთხალი, ჭიანჭველა - შრომისმოყვარე, ძაღლი - მადლიერი და მეგობრობაში ერთგული; თითოეულ მათგანს როგორც კი იშვა, მყისვე განსაკუთრებული ბუნებრივი თვისებაც მიენიჭა. ლომი დაბადებიდანვე მრისხანეა, მარტო ცხოვრებისა და თვისტომთაგან განცალკევებისაკენ მიდრეკილი; ვითარცა ხელმწიფე პირუტყვთა, ბუნებით დამახასიათებელი სიამაყის გამო ბევრთან გათანაბრებას ვერ ეგუება; არც წინა დღის საზრდელს ეკარება და არც თავისი ნადავლის ნარჩენებს მიუბრუნდება. ბუნებამ მას ხმის ისეთი ორგანოები მისცა, რომ მრავალ ცხოველს, რომელნიც მას სისწრაფით აღემატებიან, ხშირად მხოლოდ ღრიალით მოინადირებს. ჯიქი ფიცხია და მოქნილი, მის სხეულში ერთმანეთს ერწყმის სინოტივე და სიმსუბუქე, რის გამოც მისი მოძრაობა სისწრაფით სამშვინველის მოძრაობის თანმხვედრია. ბუნებით ზანტია დათვი, თავისებური ზნის, ხშირი ბეწვით შემოსილი. სხეულიც მსგავსი აქვს: მძიმე, მკვრივი, უსახსრებო, მართლაც შესაფერისი ცივი ცხოველისათვის, რომელიც ბუნაგში ცხოვრობს.

უკეთუ სიტყვით შევეხებით იმას, თუ ეს პირუტყვები თავიანთ სიცოცხლეზე არა განსწავლულობით, არამედ ბუნებრივად როგორ ზრუნავენ, ჩვენც ან საკუთარი თავის დაცვისა და სულის გადასარჩენისთვის აღვიძრებით, ან ჩვენს თავს კიდევ უფრო  მეტად განვსჯით, რაჟამს აღმოვაჩენთ, რომ შედარებისას პირუტყვებსაც კი ჩამოვრჩებით. ძუ დათვი, როცა მას ფრიად ღრმა ჭრილობები აქვს მიყენებული, ხშირად თავის თავს თვითონვე მკურნალობს, ყოველი ხერხით ჩაიფენს რა ჭრილობაში მეფის სკიპტრას, რომელსაც ამოშრობის უნარი აქვს. შეგიძლია იხილო, მელა თავს ფიჭვის ფისით როგორ იკურნავს; იქედნეს ხორცით გამაძღარი კუ ველური ქონდრის წყალობით გაურბის გესლისაგან მიყენებულ ვნებას, გველი კი თვალების სენს კამის ძოვით შველის.

ხოლო ჰაერის ცვლილებათა წინასწარი გამოცნობით რომელ მეტყველთა გულისხმისყოფას არ დაჩრდილავენ. ცხვარი იგრძნობს თუ არა ზამთრის მოახლოებას, საკვებს ხარბად ეტანება, თითქოს მომავალში მოკლების სიშით იმარაგებსო. ზამთრის განმავლობაში ჩაკეტილი ხარები გაზაფხულის მოახლოებისას ბუნებითი გრძნობით იგრძნობენ თუ არა ცვალებადობას, ბოსლების გასასვლელისკენ იყურებიან და თითქოს ერთი ნიშანი მიეცათო მდგომარეობას იცვლიან. ზოგიერთ ცნობისმოყვარე დამკვირვებელს უნახავს, რომ ხმელეთზე მცხოვრებმა ზღარბმა თავის სოროს ორი საჰაერო როგორ დაატანა; თუ ჩრდილოეთის ქარი დაუბერავდა, სოროს ჩრდილოეთ მხარეს გმანავდა, ხოლო სამხრეთის ქარის დაქროლვისას ჩრდილოეთის საჰაეროსთან გადადიოდა.

რას გვაჩვენებს ჩვენ ეს, ადამიანებს? არა მხოლოდ იმას, რომ ჩვენი შემოქმედის ზრუნვა ყოველივეზე ვრცელდება, არამედ იმასაც, რომ მომავლის გრძნობა რამდედადმე პირუტყვებსაც აქვთ, ჩვენც არა მხოლოდ ამ ცხოვრებას უნდა მივეჯაჭვოთ, არამედ მომავალი საუკუნო ცხოვრებისთვისაც ყოველმხრივ უნდა ვიღვაწოთ. შენი თავისათვის არ უნდა განსაჯო ადამიანი? ხედავ, რა ჭიანჭველას მაგალითს, ამ ცხოვრებაშივე  არ უნდა მოამზადო ის, რაც მომავალში განსვენებისთვის საჭიროა? იგი საზრდელს ზამთრისათვის ზაფხულშივე აგროვებს. ჯერ მწუხარება ზამთრისა არ დამდგარა, რომ დროს უქმად არ კარგავს, ბეჯითად და თავდაუზოგავად შრომობს, ვიდრე თავის საუნჯეებში საკმარის საკვებს დაიუნჯებდეს; და ამას არა დაუდევრად, არამედ რაღაც ბრძნული მზრუნველობით აკეთებს, რათა იმდენი საზრდელი მოიპოვოს, რამდენიც, რაც შეიძლება, დიდხანს ეყოფა. თითოეილ მარცვალს იგი პირით შუაში კვნეტს, რათა არ აღმოცენდეს და საზრდელად მისთვის მოუხმარებელი არ გახდეს; ხოლო თუ შეამჩნია, რომ დანესტილია, მაშინ აშრობს კიდეც, მაგრამ გასაშრობად ყოველ დროს როდი გამოაქვს, არამედ მაშინ, როცა შეატყობს, რომ ჰაერი გაწმენდილია; და  მართლაც, ვერ ნახავ, რომ მთელი იმ ხნის განმავლობაში, როცა ჭიანჭველა მარაგს აშრობს, ღრუბლებიდან წვიმა იღვრებოდეს.

რომელი სიტყვა მისწვდება? ან რომელი სასმენელი დაიტევს? ანდა დროის რა მონაკვეთი იქნება საკმარისი, რათა გიამბოთ და გაუწყოთ შემოქმედის ყველა საკვირველებათა შესახებ? არამედ სჯობს ჩვენც ვთქვათ წინასწარმეტყველებთან ერთად: ვითარ განდიდნეს საქმენი შენნი უფალო და ყოველივე სიბრძნით ჰქმენ (ფს. 103-24). იმის თქმა: წიგნებისაგან არა გვისწავლია, რა არის ჩვენთვის სასარგებლოო, თავის გასასამართებლად საკმარისი როდი იქნება, რადგან ბუნებითი სჯულის წყალობით სწავლის გარეშეც შეგვიძლია არჩევა იმისა, რაც უმჯობესი იქნება ჩვენი სარგებლობისათვის.  იცი, რა არის სიკეთე შენი მახლობლებისთვის? ის, რაც გსურს, რომ შენ სხვამ გაგიკეთოს. იცი, რა არის ბოროტება? ის, რაც არ გინდა, რომ  სხვისგან განიცადო. არც ფესვების დაჭრის ოსტატობითა და არც ბალახებზე ცდების გამოკვლევის შედეგად არ აღმოუჩენიათ  პირუტყვებს, როგორ შეიცნონ სასარგებლო. არამედ თითოეული ცხოველი ბუნებრივად პოულობს ხსნის გზას და რაღაც გამოუთქმელი ნათესაობა აქვს იმასთან, რაც მის ბუნებას შეესაბამება.

4. ჩვენც გვაქვს ბუნებრივი სათნოებანი, რომელთანაც სულს ნათესაობა არა კაცობრივი განსწავლის შედეგად აქვს, არამედ ბუნებით. არცერთი მეცნიერება არ გვასწავლის, ავადმყოფობა შეიძულეთო, მაგრამ ჩვენ თვითონვე გვძაგს ყოველივე, რაც კი მწუხარებას გვაყენებს. ასე რომ, სულშიც არის რაღაც, რომელიც განსწავლის გარეშეც ერიდება ბოროტებას. ყოველგვარი ბოროტება უძლურებაა სულისა, ხოლო სათნოება - სიჯანსაღე. ზოგიერთებმა კარგად განსაზღვრეს  სიჯანსაღე. როცა თქვეს, რომ იგი სიმყარეა ბუნებრივ მოქმედებათა. იმის წინაშე, რაც დადგენილია. არც ის შესცოდავს, რომელიც სულის სიმრთელეზეც ამასვე იტყვის. სულიც ხომ განსწავლის გარეშე ისწრაფვის ამისკენ, რაც მისთვის დამახასიათებელია და მისი ბუნების შესაფერისი. ამიტომაც ყველასათვის საამაყოა სიწმინდე, შეწყნარებულია სამართლიანობა, საკვირველია სიმამაცე და სასურველი გონიერება. ესენი უფრო დამახასაიათებელია სულისთვის, ვიდრე სხეულისათვის სიჯანსაღე.

შვილნო, გიყვარდეთ მამანი თქვენნი და მშობლებო, ნურც თქვენ განარისხებთ შვილთა თქვენთა (ეფ. 6,4). განა ბუნებაც ამასვე არ გვეუბნება? პავლე მოციქული ახალ რამეს კი არ გვირჩევს, არამედ ბუნების ბორკილებს განამტკიცებს.

უკუეთუ ძუ ლომს უყვარს ნაშობნი მისნი და მგელიც თავისი ლეკვებისათვის იბრძვის, რაღა ეთქმის ადამიანს, რომელიც მცნებასაც არღვევს და ბუნებასაც შეურაცხყოფს, კერძოდ, რაჟამს შვილი პატივს არ სცემს მამის სიბერეს, ხოლო მამა მეორე ქორწინების გამო თავის შვილებს ივიწყებს.

საოცარია, უჩვეულოდ დიდია მშობლებისა და შვილების ურთიერთსიყვარული პირუტყვთა შორის, რადგანაც ღმერთმა, რომელმაც ისინი შექმნა, გონების მოკლების წილ, დიდი გრძნობების მიცემით ანუგეშა.

რით აიხსნება, რომ კრავი, გამოვარდება თუ არა იგი ფარეხიდან, ფერითა და ხმით ათას ცხვარში შეიცნობს დედას და მისკენ გარბის, ეძებს რა საკუთარ წყაროს რძისას? დედის ძუძუნი კიდევაც რომ მწირად დაუხვდეს, მაინც კმაყოფილდება და გულგრილად აუვლის გვერდს მრავალ ძუძუს, რძით დამძიმებულს. ასევე დედაც თავის შვილს ათას კრავში იცნობს. ხმა ყველას ერთი აქვს, ფერიც აგრეთვე და რამდენადაც ეს ჩვენი ყნოსვისთვის მისაწვდომია, სუნიც ერთი, მაგრამ აქვთ რომელიღაც გრძნობა ჩვენსაზე მახვილი, რომლის წყალობითაც ყოველი მათგანი ადვილად შეიცნობს საკუთარს.  ძაღლის ლეკვს ჯერ კბილები არ ამოსვლია და უკვე პირით იცავს თავს იმისაგან ვინც არ ასვენებს. ხბოს რქები ჯერ კიდევ არ აქვს და უკვე იცის, საჭურველი სად ამოეზრდება. ყოველივე ეს გვაჩვენებს, რომ მათ ბუნებრივი თვისებანი სწავლის გარეშე ეძლევათ და რომ არსებულთა შორის არაფერია უწესრიგო და განუსაზღვრელი, არამედ ყოველი შემოქმედის სიბრძნის კვალს ატარებს და თითოეული გვიჩვენებს, რომ აღჭურვილია საკუთარი თავის დაცვისა და გადარჩენისთვის.

ძაღლი არაა გონებით დაჯილდოებული მაგრამ აქვს გრძნობა თითქმის თანაბარი გონებისა.  რაც ამა სოფლის ბრძენთა ძლივს აღმოაჩინეს, ისხდნენ რა სიცოცხლის მეტი წილი მოცლილნი ამისთვის, კერძოდ, ჩახლართულ დასკვნებს ვგულისხმობ, ის, როგორც ჩანს, ძაღლს ბუნებამ ასწავლა. ეძებს რა ნადირის კვალს, რაჟამს იპოვის, რომ იგი მრავალ ტოტად იყოფოდა, ყველას მოირბენს და თავისი საქცილეით თითქმის ხმით გვეუბნევა, რაც დაასკვნა: ნადირს ან აქეთ უნდა გადაეხვია, ან აქით, ან კიდევ ამ მხარეს, მაგრამ რამდენადაც არც აქეთ წასულა და არც აქეთ წასულა და არც იქით, მაშინ რჩება, რომ აქეთ უნდა გაქცეულიყო. ამგვარად პოულობს ჭეშმარიტებას სიცრუეთა უარყოფით. ამაზე მეტს რას აკეთებენ ისინი, რომელნიც მედიდურად  უსხედან სამწიგნობრეებს, მტერზე წერენ, სამი წინადადებიდან ორს უარყოფენ და დარჩენილში პოულობენ ჭეშმარიტებას?

განა ის, რომ ამ ცხოველმა წყალობის დამახსოვრება იცის, არ არცხვენს უმადურებს კეთილისმყოფელთა  მიმართ? ჰყვებიან, რომ მრავალი ძაღლი, რომელთა პატრონებიც უდაბურ ადგილებში მოკლეს, იქვე დაიღუპა, ხოლო ზოგიერთი  მწარე განცდამ მკვლელთა მძებნელების მეგზურად აქცია და იმისთვის მიაღწევინა, რომ ბოროტისმოქმედები სამსჯავროზე გადაცემულიყვნენ. რა ეთქმის იმათ, რომელთაც არა მხოლოდ უყვართ მათი შემოქმედი და გამომზრდელი უფალი, არამედ იმათთანაც კი მეგობრობენ, რომელნიც ღმერთზე  უსამართლოდ მსჯელობენ, მათთან ერთად  ტაბლას იზიარებენ და თვით ჭამის დროსაც კი ითმენენ გმობას გამომზრდელისას.

5. მაგრამ მივუბრუნდეთ ქმნილებათა განხილვას. ადვილად მოსანადირებელი ცხოველები მშობიარობისას უფრო ნაყოფიერნი არიან. მრავლად შობენ კურდღლები და ველური თხები, ასევე გარეული ცხვარიც ტყუპებს ბადებს, რათა არ შემცირდეს  მათი მოდგმა, რომელსაც ხორცის მჭამელები ანადგურებენ. იმ ცხოველებს კი, რომელნიც სხვებს ჭამენ, შვილები ცოტა ყავთ. მაგალითად, ძუ ლომი ძლივს ხდება დედა ერთი ლომისა, რადგანაც, როგორც ამბობენ, ბოკვერი მახვილი ბრჭყალებით აპობს საშოს და ისე გამოდის. ასპიტიც დედის დაღრღნის შედეგად იბადება და მშობელს შესაფერის საზღაურს ამგვარად მიაგებს.

ასე რომ, არცერთი არსება არაა დატოვებული განგების გარეშე და არცერთს არ აკლია შესაფერი მზრუნველობა.

თუკი ცხოველთა ნაწილებს შეისწავლი, აღმოაჩენ რომ დამბადებელმა არც ზედმეტი რამ მისცა მათ და არც ის დააკლო, რაც აუცილებლად სჭირდებოდათ. ხორცისმჭამელ ცხოველებს მახვილი კბილები უბოძა შესაფერისად საკვების სახისა. იმათ კი, რომელნიც კბილებით ნახვერად აღჭურვა, საჭმლისათვის მრავალი სხვადასხვა სათავსო გაუმზადა. რამდენადაც მათ საკვების საკმარისად დაღეჭვა თავიდანვე არ შეუძლიათ, შესაძლებლობა მიეცათ კვლავ ამოიღონ გადაყლაპული და ცოხნის შედეგად დანამცეცებული შეირგონ. სტომაქი, ჩიჩახვი და გრძელი ნაწლავი უსარგებლოდ როდი მიეცა იმ ცხოველებს, რომელთაც ესენი აქვთ და რომელთაგან თითოეულს აუცილებელი მოთხოვნისათვის იყენებენ.

აქლემს ყელი გრძელი აქვს, რათა ფეხებთან ჩასწვდეს ბალახს, რომლითაც იკვებება, ხოლო ყელი დათვისა მოკლეა და მხრებს შორის ჩავარდნილი, ასევე მოკლე ყელი აქვს ლომს, ვეფხვს და ყველა იმ დანარჩენს, რომელიც ამ მოდგმას მიეკუთვნება. რადგან ბალახით არ საზრდოობენ, არ არიან იძულებულნი მიწისკენ დაიხარონ, ისინი ხომ ხორცისმჭამელები არიან და მონადირებული ცხოველებით კმაყოფილდებიან.

რისთვის სჭირდება ხორთუმი სპილოს? ამ დიდ ცხოველს, უდიდესსაც კი ხმელეთის ცხოველთა შორის, რომელიც შემხვედრს შიშით აკრთობს, წილად ერგო ყოფილიყო ახოვანი და ჰქონოდა  უზარმაზარი სხეული. ამიტომ თუკი გრძელი, ფეხების შესაფერისი ყელი მიეცემოდა დიდი სიმძიმისა გამო მისი დაჭერა გაუჭირდებოდა და მუდმივად დაბლა ექნებოდა ჩახრილი. ახლა კი თავი კისრის მრავალრიცხოვანი მალით უკავშირდება ზურგს და აქვს ხორთუმი, რომელიც ავსებს ყელის ნაკლს, კერძოდ, იგი მისი მეშვეობით იღებს საჭმელსა და სასმელს. ფეხები უსახსრო აქვს, ვითარცა სვეტები, მტვირთველნი სხეულის სიმძიმისა. ისინი, რომ ნაზი და ლბილი კუნთებით შეგვეცვალა ხშირად ეღრძობოდა ფეხი სახსრებში, რომელნიც ვერ იტვირთავდნენ სიმძიმეს, რაჟამს სპილო მუხლებში ჩაიკეცებოდა ან ადგებოდა. ახლა კი მას მოკლე ტერფზედა ძვალი აქვს ფეხის ქვეშ, მაშინ როცა მუხლს ქვემოთაც და მუხლშიც უსახსროა; მოძრავი, მსხლტომარე სახსრები ხომ უჩვეულოდ დიდ, მერყევ სხელს, რომლითაც სპილოა შემოსილი, ვერ დაიჭერდა. ამიტომაც სჭირდება  ეს ხორთუმი, ფეხებამდე ჩამოგრძელებული. ვერ ხედავ, რომ ბრძოლებში, როგორც სულჩადგმული კოშკები, სპილოები რაზმებს წინ მოუძღვებიან და ვითარცა ხორცის ბორცვები, დაუოკებელი სისწრაფით არღვევენ შემჭიდროებულ ფარებს მტრებისას? ქვემოთა ნაწილი რომ თანაზომიერი არ ჰქონდეს, ეს ცხოველი დიდხანს ვერ იცოცხლებდა. ახლა კი, როგორც ზოგიერთი გვამცნობს, სპილო სამასსა და მეტ წელსაც კი ცოცხლობს. ამიტომაც აქვს  ფეხები მთლიანი და უსახსრო. საზრდელს კი, როგორც ვთქვით, მიწიდან ხორთუმით იღებს, რომელიც ბუნებრივად მოქნილია და გველის მსგავსად იკუმშება და იშლება.

ამგვარად, ჭეშმარიტია სიტყვა, რომელიც გვასწავლის, რომ დაბადებულებში არც რამე ზედმეტისა და არც ნაკლებობის პოვნა არ შეგიძლია. ცხოველი, რომელიც ასე დიდია, ღმერთმა კაცის მორჩილად შექმნა. რაჟამს ვასწავლით, ესმის და როცა ვცემთ, ითმენს, რითაც ღმერთი ნათლად შეგვაგონებს, რომ ყოველივე ჩვენ დაგვიმორჩილა, რადგანაც ჩვენ ხატად დამბადებლისა ვართ შექმნილნი.

არა მხოლოდ დიდ ცხოველებში იხილვება გამოუკვლეველი სიბრძნე შემოქმედისა, არამედ თვით ყველაზე პატარებშიც კი როდი შეგროვდება ნაკლები რიცხვი საკვირველებათა; ისევე როგორც დიდი მთების მწვერვალებზე, ასე ახლოს რომ არიან ღრუბლებთან და ქართა განუწყვეტელი ქროლვის გამო მარადიულ ზამთარს ინარუნებენ, ნაკლებ როდი გვაოცებს ღრმა ხეობები, რომელნიც არა მხოლოდ მთის ქარებს არიან განშორებულნი, არამედ ჰაერის სითბოსაც მუდმივად ინახავენ, ასევეა ცხოველთა აგებულებაშიც, ჭეშმარიტად არ მაოცებს სპილო თავისი სიდიდის გამო თაგვზე მეტად, რადგანაც თაგვი სპილოსთვისაც კი  საშიშია, და არც უწვრილეს ისარზე მორიელისა, რომელიც შემოქმედმა სალამურის მსგავსად გამოაღრუვა, რათა დაგესლილზე შხამი მისით  გადმოინთხეს. ნურავინ დასდებს ბრალს დამბადებელს, რომ მან გესლიანი ცხოველები შექმნა, მტერნი და განმხრწნელნი ჩვენი სიცოცხლისა. ასე ვინმე მასწავლებელსაც დასდებს ბრალს იმაში, რომ ქარაფშუტა ყრმა წესრიგისაკენ მიჰყავს და ცემითა და შოლტით მის თავაშვებულობას განაბრძნობს.

6. ცხოველები რწმენის გამომცდელნიც არიან. უკეთუ გწამს უფლისა, რომელმაც გითხრა: ასპიტსა და ვასილისკოსა ზედა ხვიდოდი და დასთრგუნო შენ ლომი და ვეშაპი (ფს. 90,13), სარწმუნოების ძალით გექნება შენ ძალა გველისა და მორიელის დასათრგუნავად.

ვერ ხედავ რომ პავლეს, როცა იგი ფიჩხს აგროვებდა, იქედნე დაეკიდა ხელზე, მაგრამ ვერა ავნო რა, რადგანაც წმინდანი რწმენით აღსავსე აღმოჩნდა (საქმ. 28,3-6), ხოლო თუკი ურწმუნო ხარ, ცხოველზე მეტად საკუთარი ურწმუნოების უნდა გეშინოდეს, რომლითაც თავი შენი ყოველივე ხრწნილებას წარსაწყმედად განუმზადე.

მაგრამ უკვე კარგა ხანია ვგრძნობ, რომ ადამიანის წარმოშობაზე შემეკითხებით, თითქოს მესმის კიდევაც მსმენელთა გულიდან ამოსული ღაღადისი: ჩვენ ვიღწვით შესწავლისათვის ბუნებისა, რომელიც ჩვენ გვეკუთვნის, მაშინ როცა საკუთარ თავს არ ვიცნობთო, ასე რომ, აუცილებელია საუბარი იმის თაობაზეც, რისთვისაც საჭიროა დავძლიოთ გაუბედაობა, რომლითაც შეპყრობილი ვართ. მართლაც, როგორც ჩანს, ყველაზე ძნელი საქმე საკუთარი თავის შეცნობაა, რადგანაც არა მხოლოდ თვალს არ შეუძლია თავისი თავის დანახვა და მხოლოდ იმას ხედავს, რაც  მის გარეშეა, არამედ ჩვენი გონებაც, რომელიც ასე გამჭრიახია სხვისი ცოდვების დანახვისას, საკუთარ ნაკლულევანებათა შეცნობაში მძიმეა და ნელი.

ამიტომაცაა, რომ ამ შემთხვევაშიც, სიტყვა ჩვენი, რომელიც ასეთი სიმახვილით აღწერს უცხოებს, თვისთა საქმეთა გამოსაძიებლად სიზანტითა და შიშით აღსავსეა. თუმცა, უკეთუ ვინმე თავის თავს გონივრულად გამოიკვლევს, ღმერთს ზეცისა და მიწისაგან უფრო მეტად როდი შეიცნობს, ვიდრე ჩვენი საკუთარი აგებულებისაგან. წინასწარმეტყველიც ამბობს: საკვირველ იქმნა ცნობაჲ შენი ჩემგან (ფს. 138,6). ესე იგი, თავი ჩემი შევისწავლე და ამ გზით შევიცანი გარდამეტებულობა შენი სიბრძნისაო.

და თქუა ღმერთმან: ვქმნეთ კაცი (შესქ. 1,26). სად არის იუდეველი, რომელიც როგორც ზემოთ, რაჟამს ნათელი ღმრთისმეტყველებისა თითქოს სარკმლებიდან  გამობრწყინდა და მეორე პირი თუმცაღა არა ცხადად, მაგრამ საიდუმლოდ წარმოჩნდა, ჭეშმარიტებას წინ აღუდგა და ამტკიცებდა, რომ ღმერთი თავის თავს ესაუბრება? იგი ამბობს: ღმერთმა თვითონვე თქვა და თვითონვე შექმნაო: იქმენინ ნათელი! და იქმნა ნათელი (შესქ. 1,13) მაშინაც ადვილი იყო შეუსაბამობის მხილება იუდეველის სიტყვებში, რადგანაც რომელი მჭედელი ან ხურო, ან კიდევ მეხამლე, როცა მას შემწედ არავინ ჰყავს, ეტყვის თავის თავს, მიუჯდება რა თავისი ხელობის იარაღებს: გავაკეთოთ დანა, შევკრათ გუთანი, ან შევკეროთ ფეხსაცმელიო? პირიქით, განა დუმილით არ შეასრულებს თავის სამუშაოს? ჭეშმარიტად უაზრო ლაყბობაა მტკიცება იმისა, რომ ვინმე თავისი თავის მთავრად და ზედამდგომელად დაჯდება და უფლებამოსილებითა და მძლავრობით აშრომებს. მაგრამ არ ეშინიათ რა თვით უფლის ცილისწამებისაც კი, რისი თქმაღა აღარ შეუძლიათ,  აქვთ რა ენა, სიცრუეში ფრიად გაწვრთნილი. ახლა თქმულმა კი უცილობელად უნდა დაადუმოს ისინი. და თქუა ღმერთმან: ვქმნეთ კაცი. მითხარი, ახლაც მხოლოდ ერთი პირია? "შევქმნათ კაციო" და არა "იქმნას კაციო", -წერია ხომ?

ვიდრე მოწაფე გამოჩნდებოდა, სიღრმესა შინა იყო დაფარული ღმრთისმეტყველების ქადაგება, მაგრამ როცა ადამიანის შექმნის მოლოდინი გაჩნდა, რწმენა გაშიშვლდა და თვალსაჩინოდ გაცხადდა დოგმატი ჭეშმარიტებისა: "ვქმნეთ კაცი".

გესმის, ქრისტეს წინააღმდეგ მებრძოლო, სიტყვა მიმართულია შესაქმის მონაწილისადმი, რომლისაგანაც შეიქმნეს საუკუნენი, რომელსა უტჳრთავნ ყოველნი სიტყჳთა მით ძლიერებისა მისისაითა (ებრ. 1,23). მაგრამ იუდეველი მშვიდად როდი იღებს სიტყვას ღმრთისმოსაობისა, არამედ ვითარცა გალიაში ჩამწყვდეული ყველაზე კაცთმოძულე მხეცი, გისოსებს ღრღნის, წარმოაჩენს რა ამით  საკუთარი ბუნების სისასტიკესა და ველურობას, თუმცაღა თავისი სიცოფის აღსრულება არ შეუძლია; ასევე, სიმართლით შევიწროებული, ჭეშმარიტების მტერი მოდგმა ურიათა, ამბობს, რომ მრავალია პირი, რომელთა მიმართაც ღმერთის სიტყვა ითქვა და რომ თითქოს იგი მასთან მყოფ ანგელოზებს ეუბნებოდეს: ვქმნეთ კაცი. იუდეური გამონაგონი! მხოლოდ მათი ქარაფშუტობისათვის დამახასიათებელი შეთხზული არაკი.

იმისთვის რომ ერთი არ მიიღონს, ბევრი შემოჰყავთ და ძის უარსაყოფად თანამზრახველობის პატივს მსახურებს აკუთვნებენ: ჩვენსავე მსგავს მონებს ჩვენი შესაქმის მბრძანებლად წარმოადგენენ. მართალია, სრულქმნილი კაცი ანგელოზთა პატივში აღიყვანება, მაგრამ რომელი ქმნილება შეიძლება იყოს თანასწორი შემოქმედისა? გულისხმაჰყავ ეს სიტყვებიც: "ხატად ჩუენდა" (შესქ. 1,26), რას იტყვი ამის თაობაზე, ერთია ხატი ღმრთისა და ანგელოზთა? ძესა და მამას უცილობლად ერთი ხატი აქვს, ცხადია, უკეთუ ღმრთივმშვენიერ ხატს ვიგულისხმებთ, ანუ არა სხეულებრივად მოხაზულს, არამედ ღმრთეებრივ თვისებას.

ისმინე შენც, რომელიც ახალ წინადაცვეთას ეკუთვნი და რომელიც ქრისტიანობის დაჩემებით იუდაიზმს მოციქულობ, ვის ეტყვის: ხატად ჩუენდა? ვის ეტყოდა თუ არა მას, რომელი-იგი იყო ბრწყინვალებაჲ დიდებისაჲ და ხატი ძლიერებისა მისისაჲ (ებრ. 1,3) და რომელი იგი არს ხატი ღმრთისა უხილავისაჲ (კოსლ. 1,15).

ამგვარად, ღმერთი მიმართავს თავისსავე ცხოველ ხატს, რომელმაც გვამცნო: მე და მამაჲ ერთ ვართ (ინ.10,30) და რომელმან მიხილა მე, იხილა მამაჲ ჩემი (ინ. 14,9). სწორედ მას ეუბნება: "ვქმნეთ კაცი ხატად ჩუენდა". სადაც ერთი ხატია, იქ სად შეიძლება იყოს არამსგავსება? და შექმნა ღმერთმან კაცი (შესქ. 1,27), არა თქვა: შექმნესო, რითაც პირთა სიმრავლეს მოერიდა; პირველით იუდეველნი დამოძღვრა, ხოლო უკანასკნელით წარმართობა გამორიცხა. იგი (მოსე) უშიშრად დაუბრუნდა ერთარსებას, რათა მამასთან ერთად ძეც მოიაზრო და პოლითეიზმის საფრთხესაც თავი დააღწიო. ხატებად ღმრთისა შექმნა იგი (შესქ. 1,27). როცა თქვა: "ხატად ღმრთისად" და არა "ხატად თვისადო", ისევ შემოიყვანა შემწე პირი. რით ემსგავსება ადამიანი ღმერთს  და როგორ მონაწილეობს იგი ამ დამსგავსებაში, თუ ღმერთი ძალას მოგვცემს მომდევნო საუბრებში ვიტყვით. ახლა კი მხოლოდ ამას ვიკითხავთ: თუკი ხატი ერთია, საიდან შეიძინე ასეთი მოუთმენელი უსჯულოება, ამტკიცებ რა, რომ ძე არაა მსგავსი მამისა? ო, ეს უმადურობა! მსგავსებას, რომელიც შენ მიიღე, არ აძლევ მწყალობელს შენსას; ის, რაც შენ მადლით მოგეცა, გსურს სამარადისოდ შენი იყოს, ძეს კი ნებას არ აძლევ დამბადებელთან მისთვის ბუნებრივი მსგავსება ჰქონდეს.

მაგრამ უკვე დუმილს გვიბრძანებს მწუხრი ესე, რომელსაც მზე უკვე კარგა ხანია დასავლეთით წარუგზავნია. საკმარისად ვთვლი რა თქმულს, ჩვენც ჩვენი სიტყვა აქ დავაყენოთ; ჩვენ ახლა იმდენად შევეხეთ სიტყვას, რამდენადაც ეს საჭირო იყო აღსაძვრელად თქვენი მოშურნეობისა, ხოლო უფრო სრულყოფილ გამოკვლევას ამ საკითხისა, სულიწმინდის შემწეობით, მომდევნო საუბრებში შემოგთავაზებთ.

წადით სიხარულით, შეკრებილნო ქრისტესმოყვარენო და ნაცვლად  სანუკვარი და მრავალფერი სანოვაგისა, აქ თქმულის გახსენებით შეამკეთ თქვენი პატიოსანი ტაბლა. დაე, რცხვენოდეთ უსჯულოებს, პირი იბრუნონ ურიებმა, ღმრთისმოსავი ხარობდეს ჭესმარიტების მოძღვრებით და იდიდებოდეს უფალი, რომლისა არს დიდება და ძლიერება უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

ძველი ბერძნულიდან თარგმნა
და შენიშვნები დაურთო

გვანცა კოპლატაძემ

თბილისი, 2011 წ.